გავრცელებულია მოსაზრება, რომ მზის პანელებს ელექტროენერგიის გამომუშავება მხოლოდ მზიან და თბილ ამინდში შეუძლიათ. 

„კომერსანტის“ ეთერში GREDA-ს პროექტის მენეჯერმა, მატა გორდეზიანმა მზის ენერგიასთან დაკავშირებულ ამ და სხვა მითებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მზის პანელები ენერგიას არა მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზე, არამედ ღრუბლიან დღეებშიც კი გამოიმუშავებენ.

გორდეზიანის თქმით, მზის პანელში ელექტროენერგიის წარმოსაქმნელად საჭიროა სინათლე, რომელიც ფოტონებს შეიცავს და ეს პროცესი ტემპერატურაზე ნაკლებადაა დამოკიდებული.

„მზის ენერგიასთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებული მითი ისაა, რომ რადგანაც მზის ენერგია ჰქვია, აუცილებლად მზიანი დღე უნდა იყოს ენერგიის გამოსამუშავებლად.

საბედნიეროდ, ეს ასე არ არის. თანამედროვე ტექნოლოგიებით, მზის ფოტოვოლტური პანელებს, სჭირდება მზის სინათლის ტალღები, რათა ენერგია გამოიმუშაოს. ფოტოვოლტური პანელები  სილიკონისგან მზადდება, მზის სინათლის ტალღები კი ფოტონაწილაკებს შეიცავს. მზის ფოტონაწილაკების შთანთქმის დროს, სილიკონის ატომები თავისუფლდებიან ელექტრონებისგან და ეს ელექტრონები ენერგიას იღებენ. პანელი შედგება ორი მხარისგან, ერთი დადებითადაა დამუხტული, მეორე- უარყოფითად, რაც ელექტრულ ველს ქმნის და სწორედ აქ წარმოიქმნება ელექტროენერგია.

შესაბამისად, ენერგიის წარმოსაქმნელად საჭიროა სინათლე, რომელიც ფოტონებს შეიცავს და ეს ტემპერატურაზე ნაკლებადაა დამოკიდებული. 

თუ ძალიან ღრუბლიანი ამინდია, მზის პანელის აქტიურობა 10%-იდან 40%-მდე იკლებს, ანუ ყველაზე ცუდ ამინდშიც კი თავისი გენერაციის ნახევარ ენერგიას მაინც გამოიმუშავებს“,- აღნიშნა მატა გორდეზიანმა.

მოქალაქეების ნაწილი მზის ენერგიის მოხმარებაზე უარს ხშირად იმ  გავრცელებული მითის გამო ამბობს, რომ საჭირო მოწყობილობა ძალიან ძვირია და დახარჯული თანხის ამოღება, ფაქტობრივად შეუძლებელი, რაც სიმართლეს ასევე არ შეესაბამება.

მზის პანელებს ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ 25-30 წლამდე აქვთ. წარმოების ზრდასთან ერთად ფასები საგრძნობლადა შემცირებული.

„მზის პანელების ექსპლუატაციის საშუალო ვადა დაახლოებით 25-30 წლამდე აქვთ ექსპლუატაციის ვადა, კარგად მოვლის შემთხვევაში შეიძლება 40 წლამდეც გაძლოს. დროის განმავლობაში, წლიდან წლამდე, ეფექტიანობა დაახლოებით 0.3%-იდან 0.5%-მდე იკლებს. ანუ, თუ კარგად მოუვლიან მომხმარებლები, 25 წლის შემდეგ შეიძლება წარმადობის 80% მაინც მიიღონ.

უნდა აღინიშნოს, რომ მზის პანელის დასამზადებლად რა ენერგიაც იხარჯება, ამის ამოსაღებად თითო პანელს დაახლოებით 3 წელი სჭირდება. მზის სადგურების მუშაობით 95%-ით ნაკლები CO2 გამოიყოფა, ვიდრე წიაღისეულის საწვავზე მომუშავე თბოელექტროსადგურებით.

მზის პანელების მოვლა ძალიან მარტივია, ერთადერთი, რაც სჭირდება ეს წმენდაა, რათა არ დაიმტვეროს.

რაც შეეხება უტილიზაციას, შემადგენელი პროდუქტების: მინის, მეტალის და სილიკონის გადამუშავება 95%-მდე შეიძლება.

ადრე მზის პანელები მართლაც ძალიან ძვირი ღირდა, მაგრამ ახლა თითქმის 80%-ით გაიაფდა, თუ თანხის ამოღებაზე ვიმსჯელებთ, ყველაზე ძვირად ღირებული სადგურის დანახარჯების ამოღებას მაქსიმუმ 5-10 წელი სჭირდება.

მზის სადგურებს სპეციალურად გამოყოფილი დიდი სივრცე არ სჭირდება, ჩვეულებრივად, სადგამებზე მონტაჟდება. ხშირად სახურავზე დამონტაჟებას ერიდებიან, რადგან ჰგონიათ, რომ დაზიანდება. ეს ასე ნამდვილად არ არის, აპარატურა საკმაოდ მსუბუქია და ხშირად სახურავს ულტრაიისფერი სხვივებისგანაც იცავს“,- აღნიშნა მატა გორდეზიანმა. 

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია რადიო კომერსანტი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების  შეხედულებებს.