2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის ფედერაციას არაერთი სანქცია დაუწესა. ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დაწესებული ფინანსური შეზღუდვების რიცხვი რამდენიმე ათასს შეადგენს. წარმოგიდგენთ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შეჯამებას.
ენერგოსექტორი
კომპანიები – რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ორი უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანია – Rosneft-ი და Lukoil-ი და მათი შვილობილი 30-მდე ფირმა დაასანქცირა. სხვა კომპანიებს, რომელთაც სანქცირებულ ფირმებთან შეხება აქვთ, ტრანზაქციების შესაწყვეტად ვადა 21 ნოემბრამდე მიეცათ. 9 ოქტომბერს ვაშინგტონმა სანქციები ევროპაში რუსეთის ერთ-ერთ უკანასკნელ ენერგოაქტივს, სერბეთში მდებარე რუსულ ნავთობკომპანია NIS-საც დაუწესა. აღნიშნული ქმედებით, ეს უკანასკნელი დაემატა ასობით სანქცირებული რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიების სიას.
ნავთობის ფასი – რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო გზით იმპორტი სრულად აკრძალა. გარდა ამისა დიდი შვიდეულის წევრმა სახელმწიფოებმა რუსულ ნავთობზე $60-დოლარიანი ლიმიტი დააწესა. 2025 წლის ივლისში, ევროკავშირმა და ბრიტანეთმა აღნიშნული ლიმიტი საბაზრო ფასს ქვემოთ, კიდევ 15%-ით შეამცირა, რათა მისი ეფექტიანობა გაეზარდა.
შემსყიდველები – რუსულ ნავთობზე დაწესებულმა ფასის ლიმიტმა მისი მომხმარებლების გეოგრაფია ევროპიდან აზიაში გადააადგილა. სანქცირების შემდეგ რუსული ნავთობის შესყიდვა კიდევ უფრო გაზარდეს ჩინეთმა, ირანმა და ინდოეთმა. დონალდ ტრამპმა ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვის გამო რამდენიმე კვირის წინ 25%-იანი ტარიფები დაუწესა. იგივე ზომები დაანონსდა ჩინეთის შემთხვევაშიც, თუმცა ჯერჯერობით არ განხორციელებულა.
ჩრდილოვანი ფლოტი – შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა იმ ნავთობტანკერებთან საქმიანი ურთიერთობა აკრძალა, რომელთაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლით ნავთობექსპორტისა და შეიარაღების შესაძენად იყენებს.
მილსადენები – აშშ-მა და ევროკავშირმა იმ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობა აკრძალა, რომლებიც რუსეთის Nord Stream-ის გაზსადენების პროექტებში იყვნენ ჩართულნი.
თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) – ევროკავშირი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვას სრულად 2027 წლიდან შეწყვეტს.
ფინანსური სექტორი და ინდივიდუალური პირები
დიდი შვიდეულის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციები აკრძალა, მათ იურისდიქციაში მყოფი აქტივები კი გაყინა. გაყინული რუსული აქტივების მოცულობა დაახლოებით $163 მილიარდია. ევროკავშირი კი აღნიშნული აქტივების უკრაინისათვის გადაცემას განიხილავს.
ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ტრანზაქციები თითქმის ყველა რუსულ ფინანსურ ინსტიტუტთან აკრძალეს.
დასანქცირდა და საერთაშორისო გადახდების სისტემიდან, SWIFT-დან ჩაიხსნა რუსული ბანკების უმეტესობა, მათ შორის უმსხვილესი SberBank-იც.
პირადი სავიზო და ფინანსური შეზღუდვები დაუწესდა ათასამდე რუს ფიზიკურ პირსაც.