„პრაგმატულად რომ ვთქვა, როგორია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ვიტყვი, რომ არის უფრო კარგი, ვიდრე ცუდი“ - ასე ეხმაურება საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
შეგახსენებთ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით, ღარიბაშვილს ბრალი სსკ-ის 194 მუხლის მე-3 ნაწილი "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
გვარაკიძის განცხადებით, ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
„ადამიანურად ეს ძალიან მძიმე ფაქტია, მაგრამ პრაგმატულად რომ ვთქვა, როგორია ეს ჩვენი ქვეყნისთვის - კარგი თუ ცუდი, მინდა ვთქვა, რომ არის უფრო კარგი, ვიდრე ცუდი. ახლა ავხსნი რატომ: ცუდია იმიტომ, ამას რომ უყურებს ინვესტორი ან ბიზნესმენი, რომელსაც აქ შემოსვლა უნდა, ან ის, რომელიც უკვე აქ არის, იტყვის, რომ ძალიან ცუდია, რადგან მთელი სისტემა კორუფციაში ყოფილა ჩართული. ქვეყნის რეპუტაციისთვის ეს ძალიან დამაზიანებელია.
რაც შეეხება კარგ ნაწილს - რომ დავფიქრდეთ: ის რომ, „ქართული ოცნება“ და მისი მმართველობა რაღაც დოზით კორუფციაში იყო ჩართული და ამისი განცდა სულ იყო მოსახლეობაში, ამას ვერ უარვყოფთ. რაც მოხდა, დიდად არავის გაჰკვირვებია, უფრო ის გაუკვირდათ, როგორ გასწირეს „თავისიანი“. ანუ, ადამიანები, რომლებსაც სულ ჰქონდათ ასეთი კორუფციის განცდა, იტყვიან, რომ სისტემამ თვითონ აღიარა შეცდომა და დაარტყა თანაგუნდელებს“,- აღნიშნა ექს-მინისტრმა.
გიორგი ქობულიამ პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.
„ასეთი ძლიერი დარტყმის მერე მთავარი გზავნილი ყველა სახელმწიფო მოხელის მიმართ არის: იცოდეთ, რომ შეხვიდეთ კორუფციულ გარიგებაში, ჩვენც რომ დაგავალოთ, მაინც გაგებინებთ პასუხს.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში“. - განაცხადა მან.