2024 წლის აპრილიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება დღგ-ის გარეშე 1 383 408 ლარს შეადგენს.

ახალი სერვისის დეტალებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ ისაუბრა. მისი თქმით, 

„3 ერთეული ავტობუსი  იქნება და  რეისები  დაინიშნება ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისის ცენტრამდე და მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია, რომ ავტობუსები წყალტუბოს მიმართულებითაც იქნეს დაშვებული, ეს სამი ერთეული არის მინიმალური რაოდენობა და შემდეგ მოთხოვნის შესაბამისად გავზრდით რაოდენობას,“ - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

ქარქაშაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ  ავტობუსებზე რეისები ყველა ფრენაზე იქნება მორგებული და  მგზავრებისთვის იქნება კომფორტული და მარტივი  გადაადგილება,  არ  იქნება  ბევრი გაჩერდება, მისივე  თქმით აღნიშნული ავტობუსები ექნება მაქსიმუმ სამი გაჩერება, რკინიგზის სადგური, აეროპორტი და ქალაქის ცენტრი, რომელიც მუნიციპალიტეტთან  ერთად  შეირჩევა.

„განვიხილავთ ორ ვერსიას, ერთი იქნება ინტენსიური მარშრუტი 2 საათში ერთხელ და მეორე იქნება ცალკე ფრენებზე მორგებული რეისები, ორივე  შემთხვევაში ეს იქნება მგზავრებისთვის კომფორტული.

რაც შეეხება ავტობუსის ტარიფს, კონკრეტული რიცხვის  დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა საორიენტაციო ფასი , რომ ვთქვათ ეს 10 ლარზე ნაკლები იქნება“ - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.