ევროპა ძლიერ სიცხეს ებრძვის.  მაღალი ტემპერატურის გამო რამდენიმე ქვეყანამ განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. მოსახლეობას სიფრთხილისა და გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

სიცხის გამო რამდენიმე ქვეყანაში მასშტაბური ხანძრებია. ექსტრემალური ამინდი ნაწილობრივ განპირობებულია ანტიციკლონებით „ქარონითა“ და „ცერბერით“. აფრიკიდან ევროპისკენ ჯერ ანტიციკლონი „ცერბერი“ დაიძრა, შემდეგ კი „ქარონი“, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა კონტინენტზე ამინდის პრობლემები.

გავრცელდება თუ არა ანტიციკლონის მოქმედება საქართველოზეც და მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში ექსტრემალური სიცხე.

ამ კითხვით „კომერსანტი“ სინოპტიკოს სვეტლანა ნიორაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, საქართველოში ტემპერატურა უახლოესი დღეების განმავლობაში მაღალი იქნება, თუმცა მსგავსი სახის ექსტრემალური სიცხე საქართველოს არ ემუქრება.

რაც შეეხება გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზს 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი დასავლეთ საქართველოში  27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება. 28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 29 ივლისის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ცალკეულ  რეგიონებში ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა.