2025 წელს საქართველომ ხორბალი ძირითადად 2 ქვეყნიდან - რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოიტანა.სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანამ 11 თვეში 115 მილიონი დოლარის ღირებულების 460 141 ტონა ხორბალი შეიძინა. იმპორტის ღირებულება 65%-ით, მოცულობა კი 53.6%-ით გაიზარდა.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა განმარტავს, წელს ხორბლის საკმაოდ კარგი მოსავალი იყო საქართველოშიც, რაც სტაბილურობის შეგრძნებას იძლევა და სასურსათო დამოუკიდებლობის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ქართველ ფერმერებს წელს საკმაოდ კარგი მოსავალი ჰქონდათ. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ჩვენი სურვილი და მისწრაფებაა სასურსათო დამოუკიდებლობა და აუცილებელია, ადგილობრივი პროდუქცია მეტი გვქონდეს. წელი საშუალო სტატისტიკური იყო, დიდი რყევები არ ყოფილა.
რაც შეეხება რუსეთის მხრიდან გარკვეული კვოტების დაწესებას, ეს ყოველ წელს ხდება იმისთვის, რომ თავიანთი სასურსათო უსაფრთხოება დაიცვან. შარშან, მაგალითად, იყო 25 მილიონი ტონა, წელს 20 მილიონი ტონაა და ეს დაცვის ჩვეულებრივი მექანიზმია.
დღევანდელი გადასახედიდან, მსოფლიოში ძალიან კარგი მოსავალია, რეგიონშიც პრაქტიკულად, ანალოგიური მდგომარეობაა და გამოწვევებს დიდად არ ველოდებით. ხორბლის საკმარისი მარაგი გვაქვს შემოტანილი და მომდევნო თვეებში არც უსაფრთხოებისა და არც ფასთან მიმართებაში გამოწვევებს არ ველოდებით“, - აცხადებს ლევან სილაგავა.