საქართველოში ძიძებზე მოთხოვნის ზრდას მოსახლეობის კეთილდღეობაზე მეტად სახელმწიფოს მიერ ბავშვზე ზრუნვის საჭიროების არ არსებობა განსაზღვრავს. დეკრეტული შვებულება კერძო სექტორს სულ 1000 ლარი უჯდება, საჯარო ბაღების და სკოლების გრაფიკი არ ითვალისწინებს დასაქმებული ოჯახების დღის წესრიგს, გარდა ამისა ბაღში ბავშვის მიყვანა მხოლოდ 2 წლიდან არის შესაძლებელი.

როგორია ძიძებზე მოთხოვნა საქართველოში, რა განსხვავებაა ქართველ და უცხოელ დამსაქმებლებს შორის, რამდენად ხშირია ძიძის და ბავშვის უფლებების დარღვევა, ამ და სხვა თემებზე „კომერსანტთან“ საქართველოს ძიძების ასოციაციის დამფუძნებელმა ინა ჩარკვიანმა ისაუბრა.

- როგორია მოთხოვნა ძიძებზე, რამდენად გაზრდილი თუ შემცირებული ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით?

- საოჯახო შრომა საქართველოში არაფორმალური შრომაა. ძიძებიც არაფორმალური მშრომელები არიან, შესაბამისად, ძიძებზე მოთხოვნის გაზრდაზე ან შემცირებაზე დაკვირვება მხოლოდ ძიძების და მშობლების გამოცდილების გაზიარებით არის შესაძლებელი, რადგან ინფორმაცია არაფორმალური შრომის შესახებ სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად არ გროვდება.

ასოციაციის დაკვირვებით, მოთხოვნა გაზრდილია. მუდმივად ჩივიან მშობლები, რომ ვერ პოულობენ ძიძას. ეს მოცემულობა სრულიად გასაგებია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ზრუნვის დანაკლისია არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ ქალებზეც. არ არსებობს ქალის საჭიროებებზე გათვლილი რეპროდუქციული პოლიტიკა, კერძო და არასაჯარო სექტორში ქალებს დეკრეტი არ უნაზღაურდებათ და ხშირად 2-3 თვეზე მეტ ხანს სამუშაო ადგილის დატოვების საშუალება არც აქვთ. ბავშვზე ზრუნვას კი საბავშვო ბაღებში სამი წლიდან იწყებენ. მთელი ეს პერიოდი ქალს სხვა გზა არ რჩება, უნდა მიმართოს დაქირავებულ, ზრუნვის კერძო მშრომელს, ასეთი მომსახურება კი ყველგან ძვირი ღირს და ჩვენს ქვეყანაშიც თანდათან ძვირდება. ამიტომ მაღალი მოთხოვნა და გაზრდილი ტარიფი რთულ მოცემულობას ქმნის ოჯახებისთვის. პრობლემა სისტემურია და სახელმწიფოს რეაგირებას მოითხოვს. უნდა გაუმჯობესდეს ქალებზე და ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო პოლიტიკა. აუნაზღაურდეთ დეკრეტული შვებულება ქალებს, გაჩნდეს ჩვილ ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებები.  

- რამდენია დღეს ძიძის საშუალო ანაზღაურება და განსხვავებულია თუ არა ტარიფი უბნების მიხედვით?

- 2020 წელს გაეროს ქალთა ფონდის ინიციატივით ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა. ამ დროს შრომისთვის დამახასიათებელ სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, სახელფასო მარჟებიც იკვლიეს. მაშინ საშუალო საათობრივი ანაზღაურება იყო 4.58 ლარი. ამჟამად, ჩვენი დაკვირვებით, საშუალო ტარიფი 5-6 ლარამდეა გაზრდილი. თუმცა სამუშაო პირობა მნიშვნელოვანი მსაზღვრელია. მოვალეობების ზრდასთან ერთად, საათობრივი ანაზღაურებაც იზრდება. ხშირია შემთხვევა, როცა საათში 10 ლარსაც იხდის ოჯახი. ტარიფის ცვლილება სეზონურობითაც ხასიათდება, ზაფხულის პერიოდში მაგალითად იმატებს აგარაკზე მუშაობის პირობებში.

დიახ, უბნების მიხედვით დამახასიათებელია განსხვავებული ტარიფი. პანდემიის დროს ჩატარებული კვლევის მიხედვით, იყო შემთხვევები, როცა გარეუბნებიდან ეძებდნენ სამსახურს ცენტრალურ უბნებში, რომ ანაზღაურება შედარებით მაღალი მიეღოთ. ამჟამად მეტია მოთხოვნა საცხოვრებელ უბანში დასაქმებაზე. გამოცდილებამ აჩვენა, რომ გზაში დახარჯული დრო და გზის საფასური ამ მცირე სახელფასო სხვაობას აზრს უკარგავს.

ძიძის სამუშაო დღე ხშირად 9-10 საათს გრძელდება. დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს ორი საათის გზაში გატარება თავისუფალ დროს აღარ უტოვებს ძიძებს, მოსვენების საშუალებას არ ეძლევათ და შესაბამისად, ცხოვრების ხარისხი უარესდება. ხელფასი ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა დავთვალოთ და არა ნომინალურად, ციფრებით.  

- უცხოელი მიგრანტების ზრდის პარალელურად, ხომ არ გაიზარდა მათი მხრიდან ქართველ ძიძებზე მოთხოვნა და განსხვავებულია თუ არა ანაზღაურება ქართველი და უცხოელი დამკვეთების შემთხვევაში?

- საქართველოში ჩამოსულ მიგრანტებთან საოჯახო შრომაზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა გვაქვს დაკვირვებები. მიგრანტ ოჯახებში არის მოთხოვნა და ხელფასიც შედარებით (50-70%-ით) მაღალია. როგორც ძიძები ჰყვებიან, შრომით უფლებებსაც უკეთ იცავენ. როგორც წესი, 8 საათიანი სამუშაო დღე აქვთ, ანაზღაურებენ ან უზრუნველყოფენ კვებას, უნაზღაურებენ შვებულებას, ასვენებენ ოფიციალურ დასვენების დღეებში, არ ავალებენ საოჯახო საქმის შესრულებას.

ვიცით ძიძები ვინც პრინციპულ უარს ამბობს ეთნიკურად რუს ოჯახთან მუშაობაზე. ღირსების საკითხად მიიჩნევენ. ასევე ხშირია ქართველ ოჯახებში უკრაინელი ძიძების დასაქმება, ერთი მხრივ დევნილებთან სოლიდარობის და ასევე ბავშვისთვის უცხო ენის შესწავლის მიზნით.

ჩვენს პრაქტიკაში ხშირია, როცა ქართველი ძიძები პერიოდულად მიჰყავთ საზღვარგარეთ სამუშაოდ. ხშირია  სამთვიანი გასვლები, რადგან ამ პერიოდში დამსაქმებელი ევროპული კანონმდებლობით თავს არიდებს დამატებით გადასახადებს. ტარიფი განსხვავებულია და 3-4-ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მშობელს ხელფასის გარდა გზის და კვების ხარჯების ანაზღაურებაც უწევს და ეს ხარჯი უღირს, თვალსაჩინო ხდება, რომ ადგილობრივი კადრის დაქირავება ბევრად ძვირი უჯდებათ.

საფრანგეთში იყო ამგვარ სამუშაოზე წასული ჩვენი წევრი ძიძა. როგორც თვითონ ჰყვება, სკვერში სეირნობისას ხელფასის ოდენობაზე ჩამოვარდა საუბარი ადგილობრივ ძიძებთან. როცა მისი ხელფასი დაასახელა, ადგილობრივი ძიძა სახტად დარჩა, რადგან ძალიან დაბალ ტარიფად მიიჩნია და უთხრა, რომ არ უნდა დათანხმებოდა ამ ანაზღაურებას. თვითონ სამჯერ მეტს იღებდა 8 საათიან სამუშაო დღეში. აქედან ჩასული ძიძები კი 24 საათი მუშაობენ.

- რამდენად ხშირია მშობლების მხრიდან ძიძის უფლებების დარღვევა (მაგალითად გაუფრთხილებლად კამერების დაყენება და ა.შ.) ?

- ძალიან ხშირია. თითქმის ყველა ოჯახში დგას კამერა. მაგრამ რატომღაც ძიძები ამაზე არ ღელავენ. ბევრი ამბობს, რომ ურჩევნია რადგან მშობლები ასე უფრო მშვიდად გრძნობს თავს და ნაკლები საკონტროლო კითხვას სვამენ.

უფლებების დარღვევის თვალსაზრისით ბევრად რთული შემთხვევებია, ვიდრე უკანონო თვალთვალი. ამაზე მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ამ კვლევით სტატიას, რომელიც სფეროს კვლევისას, ორი წლის წინ მოვამზადე.

ასევე ასოციაციის გვერდზე ხშირად ვეხმაურებით კრიტიკულ საჩივრებს და რჩევას ვაძლევთ დასაქმებულებსაც და დამსაქმებლებსაც, რომ თავი გაართვან ასეთ გამოცდილებებს.

საუკეთესო გზა ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებაა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. ასოციაციამ შეიმუშავა საოჯახო შრომაზე მორგებული ხელშეკრულების ფორმა და მუდმივად ავრცელებს ფეისბუკის გვერდზე, ასევე ჯგუფებში. წერილობითი შეთანხმება არ იცვლება, ორივე მხარე გარკვეულია უფლებებში და პასუხისმგებლობებში. შედეგად, შრომის პროცესი უფრო კულტურულია, ნაკლები ემოციური შრომის პირობებში ხდება ურთიერთობა და პასუხისმგებლობებიც უკეთ სრულდება ორივე მხარის მიერ. ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი ძიძა და ოჯახი უკვე ხელშეკრულებით იწყებს ურთიერთობას და ამბობენ, რომ წერილობითი შეთანხმების შემდეგ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. მოვუწოდებთ ოჯახებს და ძიძებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. შეუძლიათ მოგვმართონ კონსულტაციისთვისაც. სექტემბრიდან ასოციაციას ხელმისაწვდომი ექნება საკონსულტაციო ცხელი ხაზი და იურისტთან კონსულტაციის შესაძლებლობა.

- რამდენად ხშირია ძიძების მხრიდან ბავშვის უფლებების დარღვევა და ამის პრევენციას თუ ახდენს ასოციაცია?

- ბავშვის უფლება სხვადასხვაგვარად შეიძლება დაირღვეს, გააზრებულად ან ინფორმაციის არქონით. გააზრებულად ბავშვი შეიძლება იყოს უგულებელყოფილი, ყურადღება და ზრუნვა მოკლებული აღმზრდელის მიერ, რაც მიუღებელია და კანონით ისჯება.

უფრო ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვის უფლება ილახება ინფორმაციის და ცოდნის არ არსებობის გამო. ეს ის მოცემულობაა, რაზედაც ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვხედავთ ჩვენს როლს მასთან გასამკლავებლად. გვჯერა, რომ გადამზადება და ტრენინგი გახდება ამ სურათის გამოსწორების საუკეთესო შესაძლებლობა.  როგორც კი ძიძას ექნება ცოდნა ბავშვთან არადამაზიანებელ კომუნიკაციაზე, ქცევის მართვაზე, თამაში და წიგნიერების როლზე, კვების და სხვა ჩვევების სწორად გამომუშავებაზე, რა თქმა უნდა გამოიყენებს მას და საბოლოოდ ეს ცოდნა ბავშვის კეთილდღეობას მოხმარდება.

ასოციაცია რამდენიმე თვეა დარგის ექსპერტებთან ერთად ამზადებს პროფესიულ ტრენინგის მოდულს და ამაში „პროფესიული უნარების სააგენტოს“ ძალიან გულისხმიერი თანამშრომლები გვეხმარებიან. მოდული უკვე გაგზავნილია განათლების სამინისტროში და ველოდებით აკრედიტაციას. ვვარაუდობთ, რომ შემოდგომიდან უკვე გამოვაცხადებთ კურსს და დავიწყებთ სწავლებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კურსი ასოციაციის წევრი ძიძებისთვის იქნება უფასოდ ხელმისაწვდომი.

- ბოლო პერიოდში საქართველოში ძიძების სააგენტოები მომრავლდა, რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ ძიძობის მსურველ კადრებს იმისთვის, რომ სააგენტომ მათზე რეკომენდაცია გასცეს და რამდენად მიმართავენ მშობლები ასეთ სააგენტოებს?

- ჩვენი დაკვირვებით, სააგენტოების ამჟამინდელი მუშაობის პრაქტიკა მხოლოდ შუამავლის ანუ ოჯახის ძიძასთან დამაკავშირებლის როლით შემოიფარგლება. ყველა სააგენტოს მუშაობის სტანდარტს ზედმიწევნით არ ვიცნობთ, თუმცა ყველაზე მეტად გავრცელებული პრაქტიკა ასეთია. სააგენტოების ასეთი როლი სამწუხაროდ არ ცვლის სურათს არც მშობლის და არც ოჯახში დასაქმებულების სასარგებლოდ.

ამავე დროს, ეს მომგებიანი ბიზნესია და ჩვენი დაკვირვებით, გამოწვევების წინაშე დგანან. გაჩნდა მშობლების და ძიძების დიდი ჯგუფები სოციალურ ქსელზე, რამაც ვაკანსიის გავრცელება და დასაქმება უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა. ამ პირობებში, სააგენტოები კონკურენტულ გარემოში ექცევიან და მათი შუამავლობა უფრო და უფრო ნაკლებად მოთხოვნადი ხდება. ძიძებიც და მშობლებიც ცდილობენ თავი აარიდონ სააგენტოს, რადგან მათგან კონკრეტულ სარგებელს ვერ ხედავენ. ეს ტენდენცია გაგრძელდება და მათი ბიზნესის რისკები გაიზრდება, თუ მეტ პასუხისმგებლობას არ აიღებენ და არ ეცდებიან თავისი როლი მოძებნონ შრომის პირობების გაუმჯობესებაში,  მაგალითად წერილობითი ორმხრივი ხელშეკრულებით შეთავაზებით, სადაც აქცენტი იქნება როგორც ძიძების პასუხისმგებლობებზე, ისე უფლებებზე. გამოვიყენებთ შესაძლებლობას და თქვენი საშუალებით შევთავაზებთ სააგენტოებს თანამშრომლობას.