აღმაშენებლის გამზირზე ძველი კინოთეატრი „აპოლოს“ შენობა იყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია myhome.ge-ზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი გასაყიდი კომერციული ფართი მოიცავს შენობას, რომლის ფართიც 2400 მ2-ია და 1208 მ2 მიწას. კინოთეატრ „აპოლოს“ ფასი 15 663 600 ლარია.
უძრავი ქონების რეესტრში 2022 წლის მარტის მონაცემებით შენობის მესაკუთრეები შპს „კონფიდენს გრუპი“ და შპს „თეატრები აპოლო“ არიან.
შპს „კონფიდენს გრუპი“ მფლობელობაშია საერთო ფართი 184 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 151კვ.მ.); 12 კვ.მ. სარდაფი და 48 კვ.მ,. სხვენი, საცხოვრებელი ფართი 9 კვ.მ. (სამზარეულო, საპირფარეშო, სააბაზანო საერთო სარგებლობაში)
რაც შეეხება შპს „თეატრები აპოლოს“ მის მფლობელობაშია შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 2400 კვ.მ.
შპს „კონფინდენს გრუპის“ დირექტორი თურქეთის მოქალაქე ოზგურ დურდაბაქია. 100%-იან წილს კი შპს „ელიტ პრო ფლობს“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელიც აზერბაიჯანის მოქალაქე რაუფ ალიევია.
შპს „თეატრები აპოლოს“ დირექტორი გიორგი გეგელიაა. მესაკუთრეთა წილები კი ასე ნაწილდება - 10% „ქართული ოცნების“ დეპუტატს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ ვასილ ჩიგოგიძეს ეკუთვნის (მის წილს ამჟამად მართავს მისი შვილი გიორგი ჩიგოგიძე), 7% მანანა გეტაშვილის ეკუთვნის, რომელიც პორტუგალიის მოქალაქეა. 3% კი ნიდერლანდების მოქალაქე თინათინ სვანიძეს, 80%-ს შპს „კონფიდენს გრუპი“ ფლობს.
კინოთეატრი „აპოლო“ დავით აღმაშენებლის გამზირის 135 ნომერში მდებარეობს. ის 1909 წელს გაიხსნა და მოდერნის სტილის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.