საქართველოში შესაძლოა, მალე კალატიზატორებთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდეს. შესაბამის ცვლილებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს. საავტომობილო სექტორში ამბობენ, რომ ზომების გამკაცრება მართლაც აუცილებელია, რადგან ქვეყანაში გამონაბოლქვის მიმართულებით სერიოზული პრობლემაა.
კატალიზატორების მანქანებიდან ამოღებისა და გაყიდვის პრაქტიკა საქართველოში ხშირია. საავტომობილო ნაწილი ისეთ ნივთიერებას (პალადიუმი) შეიცავს, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ავტომფლობელები საკუთარი მანქანიდან კატალიზატორს იღებენ და ხელსაყრელ ფასად აბარებენ. პრობლემა კი ისაა, რომ კალატიზატორის ამოღების შემდეგ, ავტომობილის მავნე გამონაბოლქვი მატულობს, რაც ჰაერს ხარისხს მკვეთრად აუარესებს.
სწორედ ამიტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგულაციების გატარებას გეგმავს. როგორც მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რეგულაციები გატარდება იმისთვის, რომ კატალიზატორების მოხსნა და მათი შემდგომი გასხვისება წახალისებული არ იყოს.
კატალიზატორების მიმართულებით სამინისტროში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა მათი ჩაბარების პროცესი არ წახალისდეს და გარკვეული შეზღუდვები შემოვიღოთ შემდგომ ექსპორტზეც. ეს იქნება კომპლექსური ღონისძიებების ნაწილი იმისთვის, რომ კატალიზატორების მოხსნა და მათი შემდგომი გასხვისება მაქსიმალურად შეიზღუდოს.
ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მოქალაქეებს მსგავსი ქმედების ჩადენის სურვილი არ უჩნდებოდეთ. შეიძლება არსებობდეს ჩამბარებელი პუნქტები და აქ მიღებული თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს კატალიზატორის გასხვისების სურვილი ჰქონდეთ. ვმუშაობთ, რომ სრულად დარეგულირდეს ეს საკითხი, - განაცხადა თანდილაშვილმა.
კატალიზატორთან დაკავშირებით ზომების გამკაცრების მომხრეა საავტომობილო სფეროს სპეციალისტთა ერთი ნაწილი, ვინაიდან გამონაბოლქვის კუთხით სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით დედაქალაქში და რეგულაციის გატარება აუცილებელია.
დარგის სპეციალისტი ეკა ლალიაშვილი ხაზს უსვამს, რომ დარეგულირებასთან ერთად, კანონის აღსრულება უნდა გაკონტროლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებას აზრი არ ექნება.
ღონისძიების გატარებას მივესალმები, მაგრამ რთულია მხოლოდ კატალიზატორებზე ვისაუბროთ. აქ საუბარია გამონაბოლქვის დონეზე, რომ კონკრეტული გამოშვების ავტომობილმა, კონკრეტული ნორმა დააკმაყოფილოს.
საერთოდ, რეფორმა საგზაო უსაფრთხოების ნაწილსაც უნდა ემსახურებოდეს და მეორეც, ავტოტრანსპორტის ტექინსპექტირება ჰაერის დაბინძურების პრევეცნიასაც უნდა ითვალისწინებდეს. მაშინ, როდესაც ჰაერის დიდი წილი გამონაბოლქვით დაბინძურებულია, რა თქმა უნდა, რეგულაციები გასამკაცრებელია, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა. ყველაზე მნიშვნელოვანია მისი აღსრულება.
ვხედავთ, რომ გარკვეული ჩავარდნებია იმ რეფორმაში, რომელიც ახლაა გატარებული, მათ შორის გამონაბოლქვის კონტროლის თვალსაზრისის კუთხით, ამიტომ ნებისმიერმა უწყებამ, რომელიც კანონზე მუშაობს, აღსრულების მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწაზე უნდა იფიქროს. თუნდაც ქუჩაში კონტროლი. შესაძლოა, ქვეყანა მთლიანად არ იყოს ამით მოცული, მაგრამ დავიწყოთ თბილისით. თუნდაც რამდენიმე ეკიპაჟი, რომელიც მოლოდინს შექმნის, რომ გამონაბოლქვის კონტროლი ხდება. მარტივად დავიწყოთ, ხილული გამონაბოლქვის შემოწმება, ტრანსაპორტის გაჩერება და მისი ადგილზევე შემოწმება”, - განუცხადა 'რეზონანსს” ლალიაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ გამონაბოლქვის მხრივ სერიოზული პრობლემაა, კატალიზატორების ამღებისა და გასხვისების რეგულაციას არ ემხრობა სპეციალისტთა მეორე ნაწილი. რობანი მოტორსის” ხელმძღვანელი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ კატალიზატორი ავტომფლობელთა საკუთრებაა და რასაც უნდა იმას უზამს”.
კატალიზატორის შემოღება არ ნიშნავს იმას, რომ მანიპულირება მოხდეს და რაღაცაზე თვალი დავხუჭოთ. ავტომფლობელებს ხელი უნდა შეეწყოს, მიეცეთ შესაძლობა, რომ თუ მათი მანქანის კატალიზატორი უვარგისია, მიეცეს საშუალება, რათა ეს ხარვეზი აღმოფხვრა.
რაც შეეხება გასხვისების ნაწილს. კატალიზატორი ავტომფლობელების საკუთრებაა და რასაც უნდა იმას უზამს. მთავარია, ტექნიკური დათვალიერების ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს და აკმაყოფილებდეს სტანდარტებს. არავის საქმე არ არის მფლობელი რა გზას გაუყენებს თავის კატალიზატორს იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ჩამოსაწერია, უვარგისია და ა.შ. ხოლო, თუ ავტომობილის მწყობრში მოყვანისთვისაა საჭირო, ეს უნდა მოხდეს იმ სტანდარტების დაცვით, რომელიც არსებობს”, - განუცხადა ჯამაგიძემ რეზონანსს”.
2023 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ძალაში შევიდა გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტის გამკაცრება, რაც გულისხმობს ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელი გამონაბოლქვში ნახშირჟანგის შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას. კერძოდ, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ბენზინისძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში ნახშირჟანგის დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდა და გახდა 0.55% ძრავის უქმ სვლაზე.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, 2024 წელს გამონაბოლქვში ნახშირჟანგის დასაშვები ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 0.5%-ს, 2025 წლიდან კი ძრავის უქმ სვლაზე – 0.5%, ხოლო ძრავის უქმ სვლაზე მაღალ ბრუნთა რიცხვით – 0.3% უნდა შეადგინოს.