გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) საქართველოში ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს. ეს დღე  ბავშვების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას ეძღვნება. პირველ ივნისს იწყება და მთელი თვის მანძილზე გაგრძელდება იუნისეფის მიერ ორგანიზებული პოზიტიური მშობლობის შესახებ კამპანია.

„მშობლობა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოა", ამბობს ემი ქლენსი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე.

გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ბიზნესს, განავითარონ ხარისხიანი მშობლობის პროგრამები, უზრუნველყონ ხელმისაწვდომობა ხარისხიან ადრეული განათლებასა და ზრუნვაზე ყველა ბავშვისთვის და პრიორიტეტად დაისახონ ინვესტირება ბავშვების ცხოვრების ადრეულ წლებში.

მშობელთა თვის აქტივობების ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდი მიზნად ისახავს მშობლების გაძლიერებას კონკრეტული ცოდნითა და უნარებით, თუ როგორ იზრუნონ საკუთარ თავზე და შვილებზე. სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით, როგორებიცაა სემინარები და ინტერაქციული სესიები, მშობლები აღიჭურვებიან ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა მშობლისა და ბავშვის პოზიტიური ურთიერთობისა და ბავშვის ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობისთვის.

ასევე იგეგმება სოციალური მედიის კამპანია, რომელიც მოიცავს მშობლებისა და ბავშვების ისტორიებს, საგანმანათლებლო ვიდეოებს ბავშვთა ფსიქოლოგების მონაწილეობით, სადაც ისინი პოზიტიური აღზრდის შესახებ კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს შესთავაზებენ მშობლებს. შეიქმნა საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, რეკომენდაციებსა და რესურსებს პოზიტიური მშობლობის შესახებ  https://uni.cf/3N4BCw6

8-9 ივნისს ბათუმში დაგეგმილი ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და ზრუნვისადმი მიძღვნილი მე-2 საერთაშორისო კონფერენცია ფოკუსირებულია თამაშზე დაფუძნებულ სწავლებაზე და გამოყენებული იქნება, როგორც პლატფორმა პოზიტიური მშობლობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

პოზიტიური მშობლობა ხაზს უსვამს მშობლებსა და შვილებს შორის პატივისცემაზე დაფუძნებულ, არაძალადობრივ და მზრუნველობით ურთიერთობებს. ის მოუწოდებს მშობლებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ ბავშვის ემოციურ საჭიროებებს, იზრუნონ მათი თვითშეფასების ამაღლებაზე და მხარი დაუჭირონ მათ ჯანსაღ ზრდას და განვითარებას.