იოგის მიმართ მსოფლიოში ინტერესი დღითი დღე იზრდება. ინდუსტრიის მსოფლიო მოცულობამ, რომელიც უშუალოდ ვარჯიშების გარდა ეკიპირებასა და ფართებსაც მოიცავს, 2024 წელს 120 მილიარდ დოლარს მიაღწია. ყოველწლიური ზრდა დაახლოებით 9%-ია, 2034 წლისთვის კი ბაზარმა შესაძლოა 288 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. არაოფიციალური მონაცემებით, იოგით მსოფლიოში 300 მილიონზე მეტი ადამიანია დაკავებული. 
მონაცემებს გამოცემა futuremarketinsights-ი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მხოლოდ ევროპაში იოგისა და პილატესის სტუდიების ბაზარმა 2019 წელს თითქმის 50 მილიარდი დოლარი შეადგინა. იოგის ტანისამოსის ბაზარი კი 19 მილიარდს აღწევს.

იოგა მისი თანამედროვე ფორმით - უფრო ფიზიკურ, ვიდრე სულიერი შინაარსით - მეოცე საუკუნეში გაძლიერდა, როცა სხვადასხვა ქვეყანაში ამ ინდურ პრაქტიკაზე მოთხოვნის ბუმი დაიწყო. 21-ე საუკუნეში კი მან მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა - ახლა ესაა კარგად განვითარებული ბაზარი სპეციალური ტანსაცმლითა და ეკიპირებით, სასწავლო კურსებით, სავარჯიშო დარბაზებით, აპლიკაციებითა და ა.შ.

მსოფლიოში ტანსაცმლის არაერთი სპეციალიზებული ბრენდი არსებობს. მაგალითად, Gymshark, Hey Honey Yoga, Skims. იოგის ტანსაცმლის გამოშვება უკვე დაიწყეს ისეთმა სპორტულმა გიგანტებმა, როგორიცაა Adidas, Nike და Puma.

იოგის პოპულარობის ზრდა აზიის ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს. მაგალითად, ინდოეთის ქალაქ მაისურს, რომელსაც ხშირად იოგის მსოფლიო დედაქალაქს უწოდებენ, ყოველწლიურად იოგით დაინტერესებული უამრავი უცხოელი ტურისტი სტუმრობს.

იოგისთვის განკუთვნილ პროდუქციასა და აპლიკაციებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიის დროს. 
მსოფლიოში ყველაზე ცნობილ იოგა-აპლიკაციებს შორისაა Yoga-Go, Yoga For Weight Loss და  Daily Yoga. იოგის ვარჯიშები ასევე შედის ზოგადად, ფიტნესის აპლიკაციებში, მათ შორისაა Peloton და Apple Fitness. ამ კუთხით ასევე პოპულარული პლატფორმაა  YouTube.

წყარო: jandacva.ge