ეპილეფსიის წამალი „დეპაკინი ხრონო” ქვეყანაში საკმარისი რაოდენობითაა და მისი დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა Jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნური დეფიციტის შექმნის ის ვარაუდები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გამოითქვა, უმძიმესი ბრალდებებია, რომლებსაც, მისივე განცხადებით, პასუხი კონკურენციის სააგენტოს ფაქტებზე დაფუძნებულმა მოკვლევამ უნდა გასცეს. მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ სააგენტომ ცალკეული დისტრიბუტორების მხრიდან დარღვევები დააფიქსიროს, თუმცა ეს არ ნიშნავს შეთანხმებულ მოქმედებას და რთული დიაგნოზის მქონე პაციენტების განზრახ დაზარალებას, რაც, მარგველაშვილის შეფასებით, ყველაზე მძიმე ბრალდებაა, რაც კი ფარმაცევტულ სექტორს შეიძლება ვინმემ წაუყენოს.

„ეს წარმოუდგენელია. 25 წელია ამ სფეროში ვარ და მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. უშუალოდ მე არ მეხება დისტრიბუციის სფერო, თუმცა გამორიცხულია, ასეთი შეთანხმება იყოს კომპანიებს შორის.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რეგულირების სააგენტოს მიერ გაგზავნილმა თანამშრომლებმა ნახეს, რომ საწყობში მარაგები იყო, მაგრამ ამის ახსნა შეიძლება ტექნიკური ხარვეზით და არა იმით, რომ კომპანიები პაციენტებს შეგნებულად აზარალებდნენ. თანაც ეს ხომ არაა რიგითი დიაგნოზი. საუბარია საკმაოდ მძიმე დაავადებაზე. სახელმწიფომ შემოიღო რეფერენტული ფასები, მაგრამ კანონის თანახმად, კომპანიების გადასაწყვეტია, ამა თუ იმ წამალს შემოიტანს თუ არა - ეს კერძო ბიზნესია.

მაგრამ მსგავსი ფაქტი არასდროს მომხდარა, რადგან ფარმაცევტულმა კომპანიებმა იციან, რომ მათ საქმე აქვთ ადამიანის ჯანმრთელობასთან. მესმის ჯანდაცვის სამინისტროსი, რომელიც აკონტროლებს ბაზარს და კითხვები აქვს, თუმცა აფთიაქებისგანაც ვიცი, რომ ასეთ ნაბიჯს არავინ გადადგამს. ეს საკითხი სამუშაო ფორმატში განხილვის თემა უნდა იყოს.  კონკურენციის სააგენტო სწავლობს ამ საკითხს და ყველაფერი გაირკვევა,“- განაცხადა მარგველაშვილმა.

jandacva.ge