ეგვიპტელი არქეოლოგები სენსაციური აღმოჩენის შესახებ იუწყებიან - მათ ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის ფარაონის თუტმოს II-ის 3500 წლიან სამარხავს მიაგნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირველი ნაპოვნი სამეფო სამარხავია ტუტანხამონის სამარხავის შემდეგ. იგი ფივას მთაზე აღმოაჩინეს. მასში შესასვლელი კორიდორი მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2022 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მხოლოდ ახლა შეძლეს იმის დამტკიცება, რომ ის თუტმოს II-ს ეკუთვნის. არქეოლოგებმა ისეთ არტეფაქტებს მიაგნეს, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ სამარხი ნამდვილად თუტმოს II-ს ეკუთვნის. მათ შორისაა - ვაზა, რომელსაც აწერია „გარდაცვლილი ფარაონი“, სარიტუალო ტექსტების ფრაგმენტები და სხვა.

„წარმოდგენილი არტეფაქტები გვაძლევენ საშუალებას დარწმუნებით ვთქვათ, რომ აღმოჩენილი სამარხავი ნამდვილად თუტმოს II-ს ეკუთვნის. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, - განაცხადა ეგვიპტის უძველესი ნივთებისა და აღმოჩენების უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა უმაღლესი განაცხადა მოჰამედ ისმაილ ჰალედმა.

აღსანიშნავია, რომ თავად ფარაონის მუმია XIX საუკუნეში სხვა ადგილას იყო ნაპოვნი, თუმცა ეს აღმოჩენა არქეოლოგებს ფარაონის ცხოვრებისა და მმართველობის შესახებ ახალ ინფორმაციას აძლევს. სამარხი ცუდ მდგომარეობაშია, მისი კედლები დაზიანებულია, დიდი ალბათობით, წყალდიდობის გამო, რომელიც ფარაონის გარდაცვალების შემდეგ მალევე მოხდა. ახლა მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ რატომ გადაიტანეს ფარაონის ნეშტი სხვა ადგილას. ამით არქეოლოგებს ძველი ეგვიპტის ისტორიის კიდევ ერთი უცნობი ფურცლის გადაშლა სურთ.

წყარო: imedinews.ge