მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს, ღირსეული მინიმალური ხელფასის, სოციალური დიალოგის გზით პროგრესული გადასახადების დადგენისა და 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადების მოთხოვნით, პროფკავშირების გაერთიანების აქცია გაიმართა.
პრესსამსახურის ცნობით, წელს, საქართველოს პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას პროფკავშირელი ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქართველი დასაქმებულები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მსვლელობით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.
პროგრესული გადასახადი ნიშნავს, იმას, რომ ის, ვისაც მეტი შემოსავლები აქვს პროცენტულად გადასახადის სახით უფრო მეტს იხდის, ხოლო მინიმალური ხელფასი არის ფიქსირებული ანაზღაურება, რომელზე ნაკლების გადახდაც დამსაქმებელს არ შეუძლია.
„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი გამოწვევა აქვთ დასაქმებულებს საქართველოში, დღეს ჩვენი თემატიკა იყო სოლიდარობა იმ 131 841 ადამიანის მიმართ, რომელსაც [შემოსავლების სამსახურის თებერვლის მონაცემებით] 500 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი. ასევე, 12 500-ზე მეტ ადამიანს 100 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი, 277 მდიდარს კი საშუალოდ 100 000-ზე მეტი [შემოსავალი აქვს]. ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი მექანიზმები. ის, რასაც პროფკავშირები ამბობს არის: ადეკვატური მინიმალური ხელფასი, ანუ დღეის მონაცემებით საშუალო ხელფასის 40%, რაც 636 ლარია და ამავე დროს პროგრესული გადასახადები“, – განაცხადა ნეტგაზეთთან ირაკლი პეტრიაშვილმა, გაერთიანებული პროფკავშირების თავჯდომარემ.
პროფკავშირის მოთხოვნებია:
დასაქმებულების ღირსეული მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა;
უმუშევრობის შემწეობის დადგენა;
გენდერული უთანასწორობის უზრუნველყოფა, ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობის შემცირება და აღმოფხვრა;
პროგრესულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა;
კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის წახალისება და სოციალური კულტურის ნაწილად დამკვიდრების ხელშეწყობა;
არაფორმალური დასაქმების ფორმალიზება.