„ოპოზიცია ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რა საფრთხის წინაშე დგას თვითონ კი არა, ეს ქვეყანა მთლიანად. ამ დროს ყველა საკუთარი თავის გადარჩენის პერსპექტივაზე ფიქრობს,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებზე ვესაუბრეთ: რა მეთოდებით ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციას და რა რესურსია ერთობისთვის?

„მე მგონი, ჩვენი საზოგადოება ძალიან დიდ დროს და რესურსს უთმობს ნაცი-ქოცის დეფინიციას და მათ შორის ზღვრის გავლებას. დღეს საკრებულოების დაკომპლექტებისას, ლანჩხუთის საკრებულოში ძალიან მარტივი სურათი გამოჩნდა: უსპეტაკესი ნაცი ყოფილა ქოცი, ხოლო წმინდა წყლის ნაცები ვართ დანარჩენები… ახლა მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა: ნაცი უდრის ქოცს,“ – რეალობის გროტესკულობაზე ამახვილებს ყურადღებას ლელა ჯეჯელავა და შემდეგ გვიყვება იმაზეც, რომ რუსეთში პუტინის მემკვიდრეზე ალაპარაკდნენ.

„რუსეთის ინტერესებში შედის საქართველოში კონტროლირებადი სიტუაცია, ბიძინა ივანიშვილი კი, რეალურად საქართველოში ბოლომდე სიტუაციაზე კონტროლს ვერ ფლობს… ძალიან ღიად საუბრობენ რუსეთშიც პუტინის მემკვიდრის საკითხზე. მთავარია, რომ ჩვენ ამ ცვლილებების ტალღა ისე გავიაროთ, კიდევ უფრო ლამაზად შეფუთული რუსული ბომბონერი არ შეგვრჩეს ხელში,“ – გვიყვება ლელა ჯეჯელავა.

„ბათუმელებმა“ პოლიტოლოგ ლელა ჯეჯელავასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ლელა, თქვენი აზრით, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ერთობას? ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი პარტიების აკრძალვას იწყებს, რა გამოჩნდა ოპოზიციის ლიდერების რეაქციებით?

საუკუნის კითხვაა: რა ხდება ქართული ოპოზიციის თავს? არ ვიცი, რუსებისგან ეტყობა, ვაი ჭკუისგან შეგვეყარა. ღრმად ვარ დარწმუნებული ერთ რამეში, რომ ყოველთვის შეიძლება ქვეყნის ინტერესების გარშემო გაერთიანება და არ არსებობს დაუძლეველი პრობლემები, როდესაც საქმე ქვეყნის გადარჩენას ეხება. ოპოზიცია ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რა საფრთხის წინაშე დგას თვითონ კი არა, ეს ქვეყანა მთლიანად. ამ დროს ყველა საკუთარი თავის გადარჩენის პერსპექტივაზე ფიქრობს.

მართლა არ მყოფნის ძალა, ვუპასუხო შეკითხვას იმაზე, თუ რა ხდება ოპოზიციაში, თუმცა პარტიების აკრძალვა „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ წარმოაჩენს ძლიერად. შალვა პაპუაშვილის ახსნა-განმარტება ნიშნავდა მხოლოდ ერთ რამეს: არ შეგვწევს კონკურენციის უნარი.

აღმოჩნდა, რომ „ოცნებას“ საფრთხეს უქმნის ეს სამი პოლიტიკური ძალა. რეალურადაც ასეა ელექტორალური თვალსაზრისით. შემდგომში თუ რომელიმე პარტიას გაუჩნდება ელექტორალური მხარდაჭერა და ის არ იქნება ნაკურთხი ბიძინა ივანიშვილისგან, ბუნებრივია, ისიც აიკრძალება, ნებისმიერი გამოგონილი მიზეზით.

ყველა დიდი ცვლილება სწორედ ასე იწყება – წინააღმდეგობა ძლიერდება იატაკქვეშეთში. საერთოდ არ არის საჭირო პარტიული რეგისტრაციის ქონა იმისთვის, რომ შედგეს გარკვეული ერთობა.

მგონია, რომ ნელ-ნელა ამას გაიაზრებს ქართული ოპოზიციის ის სპექტრი, რომელიც არსებობს. რაღაც ერთობლივ გადაწყვეტილებამდე, ბუნებრივია, მივლენ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ოპოზიციური პარტიების თითქმის ყველა ლიდერი ციხეშია.

მე ყველაზე მეტად მაწუხებს ის, რომ ერთიანმა პროტესტმა ვერ მიიღო სტრუქტურირებული სახე.

  • Facebook-შიც წერდით, რომ ეს საპროტესტო ენერგია ვერ ტრანსფორმირდება გამარჯვებად, თუკი ყველას და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა და რომ საზოგადოება თავისი სიმწიფით წინ უსწრებს პოლიტიკურ კლასს… რამდენად შესაძლებელია პოლიტიკური პარტიების ერთობის გარეშე პოლიტიკური წარმატების მიღწევა წინააღმდეგობის პროცესში? 

ჩვენ ვხედავთ ინდივიდუალურ თავგანწირვებს, ინდივიდუალურ გმირობას, ინდივიდუალურ მსხვერპლშეწირვას, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ კოლექტიური გონის მოქმედებას.

უნდა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც აღმოაჩნდებათ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი. თუ ასეთი პოლიტიკოსები გამოჩნდებიან, რასაკვირველია, შესაძლებელია მივაღწიოთ წარმატებას.

  • თინა ბოკუჩავა ამბობდა რამდენიმე დღის წინ პარტიების აკრძალვაზე: ეს ცირკი სინამდვილეში დიდი შესაძლებლობაა გაერთიანებისთვის, ან ახლა, ან არასდროსო.

მე მგონი, ჩვენი საზოგადოება ძალიან დიდ დროს და რესურსს უთმობს ნაცი-ქოცის დეფინიციას და მათ შორის ზღვრის გავლებას. დღეს საკრებულოების დაკომპლექტებისას ძალიან მარტივი სურათი გამოჩნდა: უსპეტაკესი ნაცი ყოფილა ქოცი, ხოლო წმინდა წყლის ნაცები ვართ დანარჩენები.

ახლა მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა: ნაცი უდრის ქოცს, ანუ უსპეტაკესი ნაცი უდრის ქოცს. ასე ყოფილა თურმე ეს ამბავი.

ამ რაღაც გამიჯვნების, პირადი წყენების, იდენტობის ძიების პროცესში ძალიან დიდი დროა გაშვებული. ყველაზე მეტად იცით, რაზე მწყდება გული? რომ ამ ნაცი-ქოცი და პარტიულ იდენტობებში საერთოდ დაიკარგა ჩვენი ნაციონალური იდენტობა: რა უნდა ქართველს?

ამ პროცესში პარტიულმა ინტერესებმა დაჩრდილა ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები. აი, ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც ვერ გაიაზრეს ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა.

  • როგორ მოვედით აქამდე? თქვენი დაკვირვებით, რა მეთოდით იმუშავა ივანიშვილმა ოპოზიციასთან, რომ ის დაესუსტებინა და ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა?

მე მეჩვენება, რომ პოლიტიკურ ოპოზიციას აქვს გარკვეული შიში პასუხისმგებლობის აღების თუნდაც ხელისუფლებაში მოსვლაზე. მათ ვერ დაძლიეს ეს შიში.

მათი სურვილი იყო – როგორც არ უნდა ეწყინოთ – ბიძინა ივანიშვილთან ძალაუფლების გაზიარება. მათთვის ეს იყო კომფორტის ზონა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ეს შესაძლებლობაც მოუსპო. რეალურად დატოვა პოლიტიკის მიღმა.

  • მაგრამ ისევ იმ გადაწყვეტილებებს იღებს ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში, რაც ივანიშვილს აწყობს, ამჯერად რა მუშაობს? მაგალითად, ციხიდან გამოსულმა „ლელოს“ ლიდერებმა თქვეს, არჩევნებში მივდივართო. 

აქ არის უკვე თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც შიშზეა დაფუძნებული.

რაციონალური გადაწყვეტილებები არ მიიღება შიშზე დაფუძნებით და ეს გვაჩვენა „ძლიერი საქართველოს“ მაგალითმა.

  • გახარიას შემთხვევაში რა მოხდა, თქვენი აზრით?

გახარია, ჩემი აზრით, დაბრუნდა წიაღში. გახარია ჩაეზიარა ივანიშვილს ძალაუფლებაში, ნუ, მინიმალური დოზით და ფიქრობს, რომ მას ამ ფორმით შეუძლია თავისი წილი ძალაუფლების გაზრდა ცოტათი მაინც.

ამასობაში, ჩვენ შეიძლება სხვა მოვლენების მომსწრენი გავხდეთ: ასპარეზზე შემოდიან ახალი, ღიად პრორუსული პარტიები, ჩვენ ვნახეთ ნინო ბურჯანაძე არაფორმალური საუბრის დროს ლუკაშენკოსთან. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს რუსეთი ეუბნება, რომ მასზე მეტად საიმედო პარტნიორებიც შეიძლება იპოვოს. ამ პროცესს აქვს ძალიან სერიოზული პერსპექტივა.

  • რას გულისხმობთ? აქამდე ვერასდროს ვერ მოიკიდეს პრორუსულმა ძალებმა ფეხი პოლიტიკურ ველზე, ახლა რა შეიცვლება?

რუსების ამოცანა, სავარაუდოდ, არის ბიძინა ივანიშვილის ჩანაცვლება ისეთი ფიგურით, რომელსაც დასავლეთში ხელს ჩამოართმევენ. ასეთი არ იქნება არც „პატრიოტთა ალიანსი“, არც „ალტ-ინფო“ და არც აი, ეს ნანა კაკაბაძის პარტია, რასაკვირველია, რომელიც ახლახან შეიქმნა.

რუსეთის ინტერესებში შედის საქართველოში კონტროლირებადი სიტუაცია, ბიძინა ივანიშვილი კი, რეალურად საქართველოში ბოლომდე სიტუაციაზე კონტროლს ვერ ფლობს. გარდა ამისა, აშკარაა, რომ ქვეყანაში ანტირუსული განწყობები გაიზარდა, რეპრესიების მიუხედავად ქვეყანაში პროტესტი არ ცხრება და ქვეყანა არის აბსოლუტურად იზოლაციაში… ამ ვითარებაში, ბუნებრივია, იყოს სერიოზული ფიქრი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაცვლელია ახალი პროექტით. თან, უკვე ძალიან ღიად საუბრობენ რუსეთშიც პუტინის მემკვიდრის საკითხზე.

როგორც ჩანს, რაღაცა ტიპის ტრანსფორმაცია რუსულ პოლიტიკაშიც აუცილებლად მოხდება. ის ვითარება, რომელშიც დღეს რუსეთი აღმოჩნდა, აუცილებლად ითხოვს გადატვირთვას და ეს ჯობია გააკეთოს თავად სისტემამ, ვიდრე რეალურად ეს მოხდება ბუნებრივი პროცესებით და უკმაყოფილებით ხალხში. რუსეთში ეს საუბრები მემკვიდრესთან დაკავშირებით არ არის საფუძველს მოკლებული და არც ძალიან შორი პერსპექტივაა. რუსეთში უკვე ღიად საუბრობენ სხვადასხვა კანდიდატზე.

შესაბამისად, რუსები იფიქრებენ ცვლილებებზე მათი გავლენის ქვეყნებშიც. ცვლილებების ტალღა მოვა ჩვენთანაც. ოღონდ, მთავარია, რომ ჩვენ ამ ცვლილებების ტალღა ისე გავიაროთ, რომ კიდევ უფრო ლამაზად შეფუთული რუსული ბომბონერი არ შეგვრჩეს ხელში.

  • თქვენ ყურადღება გაამახვილეთ შიშზე, რაც გააქტიურა ივანიშვილმა ოპოზიციის ველზე. რა შიში იყო ეს?

ეს არის ერთმანეთის მიმართ უნდობლობის დათესვა. გარდა ამისა, ყველგან ჰყავდათ საკუთარი საყრდენები ყველა პროდასავლურ პარტიაში. აქ იმუშავა ასევე სხვადასხვა ტიპის ფინანსურმა ინტერესებმა.

ძალიან გროტესკულია ვითარებაა, როდესაც ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ხდება ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი უფროსი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ამ დროს ქვეყანაში იკრძალება ლევან სანიკიძე და თინა ბოკუჩავა, რომლებიც ბავშვები იყვნენ მაშინ.

  • რა ეტაპზე გადადის ივანიშვილის რეჟიმი პარტიების აკრძალვით? 

ყველაფერი იქნება იმაზე დამოკიდებული, რამდენად პასუხისმგებლობიანი აღმოჩნდება პარტიებში დარჩენილი ბირთვი და რამდენად შეძლებენ ისინი წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნას არა პარტიული პოზიციებიდან, არამედ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განმათავისუფლებელი მოძრაობიდან.

  • ისევ არ ჩანს ერთობის ნიშნები, მაგალითად, „თავისუფლების მოედანმა“ წარმოადგინა 10-პუნქტიანი გეგმა, მაგრამ ის ძირითადად დამოუკიდებლად მოქმედებს…

„თავისუფლების მოედნის“ 10-პუნქტიან გეგმას დიდი ინტერესით გავეცანი, მაგრამ პარტიას ტაქტიკა და სტრატეგია ერთმანეთში არ უნდა ერეოდეს. მაგალითად, რეგიონებში წასვლა არ არის სტრატეგიული მიმართულება, ამას არ სჭირდება დეკლარირება, როგორც სტრატეგიის ნაწილს. მთავარი იყო, ხალხისთვის ეთქვათ 10 სტრატეგიული ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ისინი აპირებენ ამ რეალობის შესაცვლელად.

საერთოდ ვერ გავიგე, რა გეგმა აქვს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. კი ბატონო, ვაღიარებ, მაგრამ ჩემი აღიარება რომ არ შველის არაფერს, ესეც ხომ ფაქტია? სხვამაც რომ აღიაროს, უნდა დაინახოს რა ფარგლებში ახორციელებს ეს ქალბატონი თავის ლეგიტიმაციას.

ამ დროს ჩვენ გვყავს სინდისის პატიმრები, რომლებიც თავის ფიზიკურ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას რისკავენ და რისკის ქვეშ დგანან, მათ შორის, თქვენი დამფუძნებელიც. ძალიან მიკვირს, რატომ აძლევენ ოპოზიციური პარტიები ასეთი ფუფუნების უფლებას თავს, რომ ამდენი დრო ტყუილად დაიკარგოს.

ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკურ პარტიებს, გვითხრან, რისთვის უნდა ვიბრძოლოთ ქართველმა ხალხმა, როგორ ვიბრძოლოთ და რა არის ის შედეგი, რომელთანაც უნდა მივიდეთ უახლოეს პერიოდში.

მართლა ძალიან არაორდინალური ვითარებაა ახლა ქვეყანაში, მაგრამ მოდით, დამიტოვეთ უფლება, ძალიან სკეპტიკური არ ვიყო და მქონდეს იმის იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაუნათდებათ გონება პოლიტიკოსებს და მიხვდებიან, რომ 10 ნაბიჯი იქნება გადასადგმელი თუ 5, ამას ერთად გადადგამენ.

batumelebi.netgazeti.ge