საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ლუვრში მომხდარი გახმაურებული ძარცვის საქმეზე კიდევ ხუთი ახალი ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ გამოცემა France Info წერს.
ოთხი ეჭვმიტანილი პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ისინი მშვიდად იდგნენ გულშემატკივართა რიგში, რათა შესულიყვნენ საფეხბურთო მატჩზე „პარიზი FC“ – „ლიონი“. მეხუთე ეჭვმიტანილი მოგვიანებით აიყვანეს.
პარიზის პროკურორმა ლორა ბეკომ განმარტა, რომ ერთ-ერთი დაკავებული უკვე იყო გამომძიებელთა მხედველობის არეში, რადგან დანაშაულის ადგილზე მისი დნმ-ის კვალი იქნა აღმოჩენილი. სავარაუდოდ, ის იყო ერთ-ერთი სკუტერის მძღოლი, რომლითაც მძარცველები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაკავება მოხდა 29 ოქტომბრის საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე, პარიზში. პოლიციის ცნობით, დაკავება სწრაფად და ინციდენტების გარეშე წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილთა უმეტესობა მცირე სამართალდარღვევების ისტორიის მქონე პირებია. ამასთან, მოპარული ძვირფასეულობა, რომლის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 88 მილიონ ევროს, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.
ქურდებმა ლუვრის ერთ-ერთ დარბაზში, აპოლონის გალერეაში, სადაც ექსპონატები იყო გამოფენილი, მხოლოდ ოთხი წუთი დაჰყვეს. მათ წაიღეს საიმპერატორო ყელსაბამები, დიადემები და გულსაბნევები. იმპერატორის მეუღლის - ეუხენიას გვირგვინი კი, მოგვიანებით ქუჩაში მიტოვებული იპოვეს.

პარიზის პროკურორის განცხადებით, მოპარული რვა ნივთის საერთო ღირებულება 102 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
ლუვრის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ 30 ოქტომბერს, კიდევ 5 ეჭვმიტანილი დააკავა.
რატომ არ შეეხნენ “რეგენტს“?

აპოლონის გალერეის ყველაზე ძვირად ღირებული ექსპონატია ბრილიანტი „რეგენტი“ - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და სრულყოფილი ბრილიანტია. ესაა 140.64 კარატიანი ძვირფასი ქვა.
დღეს ბრილიანტის ფასი, დაახლოებით, 60 მილიონ ევროს შეადგენს. რადგან ქურდებმა მას ხელი არ ახლეს, ხელოვნებათმცოდნეები დარწმუნებულნი არიან, რომ მძარცველებს მხოლოდ ფინანსური მიზანი არ ამძორავებდათ.
“დაუცველი” ლუვრი
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლუვრის განახლების პროგრამა „ლუვრი - ახალი რენესანსი“ - წელს, იანვარში დააანონსა. ესაა ათწლიანი, 800-მილიონიანი პროექტი, რომელიც მუზეუმის დაცვის სისტემის სრულ განახლებასაც ითვალისწინებს, თუმცა, სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.
რუსული კვალის ეჭვი
ბოლო ორ წელიწადში საფრანგეთში განხორციელებული რიგ ქურდობებთან დაკავშირებით მედიაში პიერ მალინოვსკის სახელი “ამოტივტივდა”. პიერი ვინაა?
ეს გასაკვირი არაა, რადგან საფრანგეთში მოპარული მონეტები მიმდინარე წლის მარტში რუსეთის ერთ-ერთ ანტიკვარიატის ბაზრობაზე იქნა აღმოჩენილი. პიერ მალინოვსკი, საფრანგეთის არმიის ყოფილი წევრია, ბოლო 7 წელია რუსეთში ცხოვრობს 2018 წელს საფრანგეთ-რუსეთის ისტორიული ინიციატივების განვითარების ფონდი დააარსა, იგი საფრანგეთში საკმაოდ წინააღმდეგობრივად ითვლება. მალინოვსკის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი 2022 წლის მარტამდე დმიტრი პესკოვის შვილი ელიზავეტა იყო. მალინოვსკი საფრანგეთში ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიასთან იყო ასოცირებული, ხოლო რუსეთში 2018 წელს პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო და კრემლის ინსაიდერად ითვლება.
რუსულ მედიასთან საუბარში მან განაცხადა, რომ საფრანგეთში ძარცვებთან განძრახ აკავშირებენ, რათა “რუსეთი ნეგატიურად მოიხსენიონ”, მას არანაირი კავშირი არ აქვს ამ მოვლენებთან, იგი რუსეთის მოქალაქეა, ცხოვრობს მოსკოვში და არავის არ ემალება.
ლუვრის გაქურდვა, როგორც გაკვეთილი მსოფლიოსთვის
ლუვრიდან ექსპონატების მოპარვა, ალბათ, არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის გაფრთხილებაა, რომ შესაძლებელია, ყველაზე სახელგანთქმული მუზეუმიც კი გახდეს ორგანიზებული დანაშაულის მსხვერპლი. საქმეს ასზე მეტი პოლიციელი იძიებს, თუმცა გამოძიების დეტალები არ საჯაროვდება.