ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო წინადადება იმის შესახებ, რომ 12 წლამდე ასაკის რუსეთის მოქალაქეები, ქვეყანაში შემოსვლის დროს, ბიომეტრიული პასპორტის ქონის მოთხოვნისგან გათავისუფლდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება რიიგიკოგუს (ესტონეთის პარლამენტი) დეპუტატის, ალექსეი იევგრაფოვის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დაინტერესდა, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა გამონაკლისის დაშვება და არაბიომეტრიული რუსული პასპორტების აღიარება, თუ მათი მფლობელები 12 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ ტარომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შეუძლებელია. მან აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2025 წლის 31 მარტიდან ესტონეთმა რუსული არაბიომეტრიული პასპორტების აღიარება შეწყვიტა.

მინისტრის თქმით, ეს დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნებს და ასევე ართულებს იმის დადგენას, გაიცა თუ არა ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად კი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტები მოქმედ სამოგზაურო დოკუმენტებად არ არის აღიარებული.

„რუსული არაბიომეტრიული პასპორტების სანდოობა და უსაფრთხოება მათი მფლობელის ასაკზე არ არის დამოკიდებული. ამიტომ, ბავშვებისთვის გამონაკლისის დაშვება შეუძლებელია“, - ხაზგასმით აღნიშნა ტარომ.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 2025 წლის 30 სექტემბრამდე გარდამავალი პერიოდი დაწესდა რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც გააჩნდათ ბინადრობის ნებართვა ესტონეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში, რათა მათ ჰქონოდათ დრო, იმ დროს მოქმედი დოკუმენტები ბიომეტრიულით შეეცვალათ.

ტაროს განმარტებით, საზღვრის გადაკვეთისას დასაშვებია, რუსეთის მოქალაქეს შენგენის ვიზა არაბიომეტრიულ პასპორტში ჰქონდეს. თუმცა, ასეთ შემთხვევებში, მგზავრებს ასევე მოეთხოვებათ მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის წარდგენა.

ტარომ დასძინა, რომ ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი (PPA) იტოვებს უფლებას, გამონაკლის შემთხვევებში და ჰუმანიტარული მიზეზებით, პირს ესტონეთში ერთჯერადი შესვლის ნებართვა მისცეს დოკუმენტით, რომელიც ოფიციალურად აღიარებული არ არის.

წყარო: 1 არხი