ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ გადაცემის ავტორმა და პროექტ Greta-ს მდგრადი სამთო ტურიზმის კომპონენტის მენეჯერმა ირაკლი კუციამ სამთო ტურიზმის გამოწვევებზე ისაუბრეს.

ლევან კობერიძის თქმით, საქართველოს, როგორც ბრენდის შექმნის პროცესში ერთგვაროვნება და მდგრადობა გვაკლია.

„ქვეყანას რა დავუძახოთ ვერ გადაგვიწყვეტია, ინგლისელ სტუმარს ვეტყვით, რომ ეს არის „ჯორჯია“, სლავს - „გრუზია“, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის საქართველო. 3 სახელს ვეძახით ქვეყანას. ამას გარდა, ამერიკელს უნდა უხსნა, რომ ეს შტატი არ არის, ქვეყანაა და ა.შ.

ჩემი ინიციატივაა, მაგალითად, რომ საქართველოს ერქვას - საქართველო ყველა ენაზე. როგორც ლიეტუვაა, როგორც ტურისტული ბრენდი სვერიგე შექმნა შვედეთმა და ა.შ. იქნებ ემოციურ ფონს მივდევ ქვეყნის ბრენდის წარდგენის დროს და ხომ არ გვრჩება ძალიან პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლის გარეშეც ვერც ერთი ბრენდი ვერ აშენდება? - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ირაკლი კუციას თქმით, არც იმაზე ვართ შეთანხმებული, რა შეიძლება იყოს ქვეყნის მთავარი დანიშნულება. ერთისთვის საქართველო შეიძლება დაკავშირებული იყოს აბრეშუმის გზასთან, მეორისთვის -  ღვთისგან გამორჩეულობასთან და ა.შ.

„ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მახასიათებელი არის თავისუფლების სიყვარული და ბედნიერებისკენ სწრაფვა. მთელ ჩვენს ისტორიას რომ გადახედო, ურთულეს პირობებში თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის ისტორია. ჩვენ გვინდა ბედნიერების შეგრძნება მოვიპოვოთ, სხვასაც ვანიჭებთ ბედნიერებას და ძალიან არ გვიყვარს ვიყოთ სხვაზე დაქვემდებარებული,“ - განაცხადა ირაკლი კუციამ.