დღეს საქართველოში საქორწინო ცერემონიისთვის საჭირო ძირითადი ატრიბუტიკა - ნიშნობის ბეჭდები, პატარძლის კაბა, საქორწინო ვარცხნილობა და მაკიაჟი, ტორტი, ხელმოწერის ცერემონია, ფოტოგრაფი და 100 კაციანი სუფრა რესტორანში საშუალოდ 17000 ლარი ჯდება. ყველა საჭირო პროდუქტის თუ მომსახურების გაძვირების გათვალისწინებით, ქორწილის ფასი წინა წელთან შედარებით მინიმუმ 12-15%-ით გაიზარდა.

ქორწილისთვის აუცილებელი კომპონენტების ფასები შემდეგია:

საქორწინო კაბა და მამაკაცის კოსტიუმი - 1400 ლარიდან

საქორწინო კაბების ფასი სტილის, დიზაინის, ბრენდისა და ქსოვილის მიხედვით განსხვავდება და მისი ყიდვის შემთხვევაში საქართველოში არსებულ საქორწინო სალონებში მინიმალური ფასი 1000 ლარია, რაც შეეხება კაბის ქირაობას, ღირებულება 400 ლარიდან იწყება.

საქორწინო კაბების ცნობილ მაღაზიებში, რომლებიც პატარძალს ექსკლუზიურ მოდელებს სთავაზობენ, ფასები 2500 ლარიდან იწყება. მაღაზია „მარიონელაში“ აცხადებენ, რომ კაბების გაქირავების საშუალო ფასი 1500 -2000 ლარის ფარგლებშია, ყიდვის შემთხვევაში კი ფასები გაორმაგებულია. მათივე განმარტებით, საქართველოში უპირატესობას კაბების ქირაობას ანიჭებენ, ყიდვის მსურველი კი მხოლოდ 2%-ია. 

მამაკაცის საქორწინო კოსტიუმის ფასი კი საშუალოდ 400-500 ლარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქორწინო ჩაცმულობის ფასი მინიმალურად, 10-12%-ით გაიზარდა.

ვარცხნილობა, მაკიაჟი, ყვავილები - 210 ლარიდან

სილამაზის სალონები ყველა შესაძლებლობის მქონე პატარძალს სთავაზობენ მომსახურებას. მაგალითად სილამაზის სალონ T.M.Beauty Center-ში საქორწინო ვარცხნილობა და მაკიაჟი 120 ლარიდან იწყება, რაც შეეხება სილამაზის სალონ keune-ს, აქ ვარცხნილობა 150 ლარიდან, ხოლო მაკიაჟი 120 ლარიდან იწყება. სალონების უმრავლესობამ ბოლო წელიწად-ნახევარში ფასები 20%-მდე გაზარდა, მათი თქმით, თმის მოვლის საშუალებების დიდი ნაწილი რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდიოდა, სწორედ ეს გახდა მომსახურების გაძვირების მთავარი მიზეზი.

რაც შეეხება თაიგულს, Flowers.ge მომხმარებელს სტანდარტულ თაიგულს 80 ლარიდან სთავაზობს, საქორწილო თაიგულის ფასი კი მინიმუმ ორმაგია. ონლაინ მაღაზია NINA'SH ART-ში კი საქორწილო თაიგულის ფასი 100 ლარიდან იწყება. ყვავილების ბიზნესზე რუსეთ-უკრაინის ომის გამო ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური ხარჯების ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და რეალიზატორებისთვის ხარჯების მატება განაპირობა, შესაბამისად ფასები 2022 წლის შემდეგ 15-20%-ით გაიზარდა.

საქორწინო ბეჭდები - ორი ცალი 2500 ლარიდან

„ოქროს ბირჟის“ ოქროს და ბრილიანტის ექსპერტ-შემფასებელი გულიკო მორჩილაძე ამბობს, რომ ოქროს ნაკეთობის ფასი 120 ლარიდან იწყება. ნაკეთობის ფასი სინჯის მიხედვით გამოითვლება, 585 სინჯი 120-დან 140-ლარამდე მერყეობს, 750 სინჯი 160-დან 190 ლარამდეა, 958 სინჯი კი 190 ლარიდან. მისი თქმით, ფასები წინა წელთან შედარებით დაახლოებით 10-15%-ით არის მომატებული.

100 კაციანი სუფრა რესტორანში, გაფორმება, ტორტი - 11700 ლარიდან

რესტორნებში მრავალფეროვანი არჩევანია, შესაბამისად განსხვავდება ფასები, მომსახურება, ხარისხი და გაფორმებაც. ერთი სტუმრის ფასი 100 ლარიდან იწყება, რესტორნის მინიმალური გაფორმება და საპატარძლო სუფრა კი დაახლოებით 1000 ლარი ღირს. რესტორნებში ფასები წინა წელთან შედარებით საშუალოდ 10%-ით არის მომატებული.

რაც შეეხება ტორტს, 100-ნაჭრიანი საქორწილო ტორტის ფასი, მინიმალური გაფორმებით საშუალოდ 700 ლარია, დაახლოებით ამ ფასიდან იწყება ქორწილის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტის ფასი საკონდიტრო „ბელაში“. რაც შეეხება ფასების გაძვირებას, კონდიტერების უმრავლესობა ამბობს, რომ ფასები წინა წელთან შედარებით საშუალოდ 20%-ით არის გაზრდილი, რაც ინგრედიენტების გაძვირებამ განაპირობა.

ხელმოწერის ცერემონია - 75 ლარიდან

იუსტიციის სახლში ქორწინების რეგისტრაცია უფასოა, თუმცა თუ წყვილს დამატებითი სარიტუალო მომსახურება ან შენობის გარეთ ხელმოწერა სურთ, ამ შემთხვევაში ფასი 75 ლარიდან 225 ლარამდე მერყეობს. ფასი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. 

ფოტო-ვიდეო გადაღება - 1800 ლარი

ქორწილზე ფოტოსესიას და ვიდეოგადაღების ფასიც განსხვავებულია, მაგალითად videostudia.ge-ს ეს მომსახურებას მთელი დღის განმავლობაში 1800 ლარად აქვს. ფასი წინა წელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, რომელიც ყოველთვიურად აქვეყნებს სამომხმარებლო ფასებს 308 პროდუქტზე, ქორწილისთვის საჭირო პროდუქციის ფასები 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემდეგნაირად შეიცვალა:

კაბა - გაძვირდა თითქმის 9%-ით;

მამაკაცის კოსტიუმი - გაძვირდა თითქმის 10%-ით;

სადილი რესტორანში - გაძვირდა 9.5%-ით;

ქალის თმის დავარცხნა - გაძვირდა 10.4%-ით;

მამაკაცის თმის შეჭრა - გაძვირდა თითქმის 12%-ით;

ნამცხვარი - გაძვირდა 9%-ით;

ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - გაძვირდა 2%-ით.

ქორწინების რეგისტრაცია - მომსახურების ფასი 2022 წლის აგვისტოში გაძვირდა, მანამდე კი მისი ფასი 50-დან 170 ლარამდე მერყეობდა.