„ბათუმობა 2023“-ის ფარგლებში ბათუმს 12 ქალაქის დელეგაცია ეწვია და ბათუმის მერის სახელით, ბათუმობის დღესასწაულზე საზეიმო მიღება გაიმართა.
არჩილ ჩიქოვანმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების წევრებსა და მერებს ბათუმობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.
„დღეს ბათუმობაა, მინდა მივულოცო ბათუმელებს დღევანდელი დღე, რომელიც წლების განმავლობაში კარგ ტრადიციად იქცა. ვუსურვებ ყველა ოჯახს დღეგრძელობასა და მშვიდობას. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი დამეგობრებული ქალაქებიდან მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ჩამოვიდნენ“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
საზეიმო მიღებაზე ბათუმსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანიანს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქალაქს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებასა და ტურიზმისა და სხვადასხვა სფეროს განვითარებას.