ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერი, ერეკლე თურმანიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, უწყებაში ის 2011 წლიდან იყო დასაქმებული.

თურმანიძე დარწმუნებულია, რომ გათავისუფლების მიზეზი გახდა იმ განცხადებაზე ხელმოწერაა, რომელიც ეხებოდა კონსტიტუციის ერთგულებასა და ევროპულ მომავალზე უარის თქმის შესახებ, მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას. 

“განაჩენი” გამოტანილია.

გუშინ, სამუშაო საათების შემდეგ, მეცნობა, რომ გუშინწინ ჩემი ბოლო სამუშაო დღე ყოფილა.

ძალიან ბევრია სათქმელი. ძალიან ბევრი ემოცია და სიტყვები ტრიალებს გონებაში, თუმცა, ვცდილობ რამენაირად შევძლო და მოკლედ გადმოვცე სათქმელი.

იუსტიციის სახლი - ეს არის უნიკალური ქართული პროდუქტი, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ საქართველომ შეძლო და რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, დემონი სსრკ-ს განდევნაში და ვიზალიბერალიზაციის საქმეში, რომლის შედეგადაც, თითოეულმა ჩვენგანმა შევძელით და ვნახეთ მშვენიერი გარე სამყარო.

ჩვენ ვიზრდებოდით იმ გარემოში, სადაც მნიშვნელოვანი იყო კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, თავისუფალი აზრი, სამართლიანობა, ჯანსაღი კამათი და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ, არავის გავუფრთხილებივართ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ზემოჩამოთვლილი უნარები, ჩემი და ჩემი მეგობრების სამაგალითოდ დასჯის საფუძველი გახდებოდა.

იუსტიციის სახლთან ჩემი კავშირი დაიწყო სტაჟირებით. მისი დაარსების დღიდან, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების, 13 წლის განმავლობაში, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, შევძელი არაერთ ჩემთვის საინტერესო პოზიციაზე დაწინაურება და ბოლოს დავინიშნე ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერად.

ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა ხელმძღვანელისგან მიღებული მაქვს არაერთი სიგელი, ჯილდო, საუკეთესო მენეჯერის/ფილიალის წოდება და ყველაზე დიდი საჩუქარი - ძალიან ბევრი ადამიანის პატივისცემა და სიყვარული. ალბათ ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია პროფესიონალიზმის, თავდაუზოგავი შრომისა და ადამიანურობის გარეშე.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ერთადერთი რამ, განცხადებაზე ხელის მოწერა გახდა იუსტიციის სახლის კიდევ ერთი, ერთგული თანამშრომლის სისტემიდან მოშორების მიზეზი. განცხადებაზე, რომელიც კონსტიტუციის ერთგულებასა და ევროპულ მომავალზე უარის თქმის შესახებ, მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას ეხებოდა.

რა თქმა უნდა, პირადი ემოციების მიღმა უფრო მტკივნეული იმის ყურებაა, თუ როგორ აცლიან იუსტიციის სახლის სისტემას ყველაზე მნიშვნელოვანს - კომპეტენციას, თავისუფლებასა და წლებით ნაგროვებ თავდაჯერებას; როგორ თესავენ შიშს ყველაზე გაბედულ ორგანიზაციაში, რომელიც არასდროს (მათ შორის, პანდემიის დროსაც) შეშინებია გამოწვევებს და გაუჩერებლად, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის სადარაჯოს წინა ხაზზე იდგა. მტკივნეულია იმის ყურება, ნელ-ნელა როგორ ანგრევენ ჩვენი ქვეყნის მთავარ სავიზიტო ბარათს დანარჩენ დედამიწაზე.

იუსტიციელებო - თქვენ ხართ გმირები და ძალიან დიდი ძალა, რომელსაც ვერაფერი დაამარცხებს თუ მტკიცედ დადგებით იუსტიციის სახლისა და ერთმანეთის დასაცავად. დღეს თუ არა ხვალ ყველას მოგაკითხავენ, თქვენ ვეღარასოდეს დააფიქსირებთ პირად აზრსა თუ უკმაყოფილებას, ნუ შეეგუებით უსამართლობას!

ყოფილი იუსტიციელი არ არსებობს!

მე ვარ თავისუფალი

დიახ, მე ვარ იუსტიციის სახლი",- წერს ერეკლე თურმანიძე.

შეგახსენებთ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს რუსთავის იუსტიციის სახლის ხელმძღვანელიც. ნინო ელიაური კონკურსის წესით უვადოდ დანიშნული თანამშრომელი, 2024 წლის 30 დეკემბრიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული იყო.