რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერი ნინო ელიაური სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ის კონკურსის წესით უვადოდ დანიშნული თანამშრომელი, 2024 წლის 30 დეკემბრიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული იყო. ამის უფლება "ქართულმა ოცნებამ" საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით დაიკანონა.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"გუშინ მაცნობეს, რომ გუშინწინ სამსახურიდან გამიშვეს…..
ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ იუსტიციის სახლთან ჩემი გამოსამშვიდობებელი ტექსტი იქნებოდა ასეთი!
ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რას ნიშნავს ჩემთვის იუსტიციის სახლი!
ბედნიერი ვარ, რომ ამ ორგანიზაციას მისი დაბადებიდან უკავშირდება ჩემი სახელი და გვარი!
ახლა მთავარი……
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ბოლოს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, საშტატო ერთეულით განსაზღვრულ პოზიციაზე, კონკურსის წესით უვადოდ დანიშნული თანამშრომელი, 2024 წლის 30 დეკემბრიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გავხდი დასაქმებული.
და ამის შემდეგ!
7 თებერვალს სატელეფონო კომუნიკაციით მაცნობეს, რომ 6 თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულება აღარ მიგრძელდება.
მიზეზი?
მიზეზი არ არსებობს!!!
მიზანი?
უკანონობის დაკანონება!
იუსტიციის სახლს ჩემი კარიერა 2012 წლიდან უკავშირდება, მათ შორის ბოლო 6 წელი ვიკავებდი რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციას, ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება, ეს იყო ადგილი სადაც ჩემი და ჩემი გუნდის პრიორიტეტი ყოველთვის უპირობოდ იყო საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
რუსთავის იუსტიციის სახლი არის ფილიალი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა იუსტიციის სახლის იმიჯის შექმნასა და პროფესიულ განვითარებაში.
ვერასოდეს შეიცვლება ჩემი დამოკიდებულება იუსტიციის სახლის მიმართ რადგან ის იყო და იქნება ჩემი იდენტობის ნაწილი!
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი წლის მანძილზე ჩემთან ერთად იზიარებდა იუსტიციის სახლის მიზანს და ღირებულებებს, მადლობა თითოეულ თანამშრომელს, ამ ადამიანების შრომაზე დგას სამსახური!
ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობდი გუნდთან #რუსთავისიუსტიციისსახლი, ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან კეთილსინდისიერების და პროფესიონალიზმის ნამდვილი მაგალითები, ჩემი მეგობრობა სამუდამოა. გახსოვდეთ, მთავარი ძალა ხართ თქვენ, დაიცავით თქვენი მომავალი!
არაფერი არ დასრულებულა, ყველაფერი ახლა იწყება", - წერს სოც.ქსელში ნინო ელიაური.