აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 2025 წლის 5 მაისიდან საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანასთან ერთად, დასაშვები იქნება ასევე საქართველოს იმ მოქალაქის მონაცემების შეტანაც, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც.
„დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის ბრძანებაში შესაბამის ცვლილებას „ოცნების მთავრობის“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხელი 2025 წლის 16 აპრილს მოაწერა და ის 22 აპრილს გამოქვეყნდა. „ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს“ – აღნიშნულია ახალ ბრძანებაში.
დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი მონაცემების სტატისტიკა შემოსავლების სამსახურმა ბოლოს 2024 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული დროისთვის დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებული იყო 20 369 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 54, ხოლო თავად პირის მიმართვით – 20 315.
იგივე პერიოდისთვის, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეტანილი იყო 1 522 900 პირის შესახებ მონაცემები.
2022 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ. სწორედ ამ პირების შესახებ შეაქვთ ავტომატურ რეჟიმში მონაცემები დამოკიდებულთა სიაში.
თამაში ეკრძალებათ ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებსაც.
წყარო: "ბათუმელები"