ევროპის რამდენიმე ქვეყანა ოქროს რეზერვების ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში დაბრუნებას აგრძელებს. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მზარდი გეოპოლიტიკური გაურკვევლობა სახელდება, რის გამოც ცენტრალური ბანკები ეროვნული რეზერვების განთავსების სტრატეგიას გადახედავენ.
ბოლო პერიოდში ოქროს რეპატრიაცია ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა განახორციელეს. ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა აშშ-სა და კანადიდან 86 ტონა ოქრო დააბრუნა, საფრანგეთმა კი – 129 ტონა. გერმანიამ საკუთარ რეზერვებზე ანალოგიური გადაწყვეტილება უფრო ადრე მიიღო და 200 ტონაზე მეტი ოქრო 2016 წლისთვის უკვე ევროპაში გადაიტანა.
ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, რეზერვების ევროპაში დაბრუნება კრიზისისთვის მზადყოფნის გაძლიერებას უკავშირდება. ბანკის შეფასებით, ოქროს ევროპაში განთავსება მისი ლიკვიდურობის გაზრდას და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად რეალიზებას ამარტივებს.
ნიდერლანდებმა 86 ტონა ოქროს რეზერვის დაბრუნებისთვის რამდენიმე მექანიზმი გამოიყენა. ოქროს ნაწილი ნიუ-იორკში გაყიდა და ლონდონში შეიძინა, დაახლოებით 7 ტონა კი ფიზიკურად გადაიტანა. მთლიანობაში რეზერვების ღირებულება 10 მილიარდ ევროზე მეტია.
საფრანგეთმა კი აშშ-ში შენახული ოქროს რეზერვების რეპატრიაცია უკვე დაასრულა. ამასთან, პარიზმა გაყიდა ძველი ოქროს ზოდები, რომლებიც მოქმედ თანამედროვე სტანდარტებს აღარ აკმაყოფილებდა.
ეკონომისტების შეფასებით, ოქროს ევროპაში დაბრუნებას გეოპოლიტიკურ ფაქტორთან ერთად სუვერენული კონტროლის საკითხიც განაპირობებს. პარიზის ეკონომიკური სკოლის პროფესორის, ერიკ მონეს განცხადებით, აშშ-ის პოლიტიკის ფონზე დოლარის მიმართ არსებული დამოკიდებულების გადაფასებამ ცენტრალურ ბანკებში ოქროს როლის მიმართ ინტერესი გაზარდა.
ამ პროცესს ოქროს ფასის მკვეთრი ზრდაც ემთხვევა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ძვირფასი ლითონის ფასი დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა, მნიშვნელოვანი ზრდა კი განსაკუთრებით 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ დაფიქსირდა.
ოქროს რეზერვების ფიზიკურად ევროპაში შენახვას შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი ლონდონია. ინგლისის ბანკის საცავებში დაახლოებით 400 000 ოქროს ზოდი ინახება, რომელთა საერთო ღირებულება 230 მილიარდ ევროზე მეტია.
ოქროს რეზერვების ადგილმდებარეობის ცვლილება მხოლოდ ევროპის ქვეყნების ტენდენცია არ არის. გასული წლის განმავლობაში მსოფლიოს ცენტრალური ბანკების დაახლოებით 10%-მა საკუთარი ოქროს რეზერვების განთავსების ადგილი შეცვალა, რაც რეზერვების უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური რისკების მიმართ ცენტრალური ბანკების გაზრდილ ყურადღებაზე მიუთითებს.