სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ავტომობილების მოძრაობის სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე შეიზღუდება. შესაბამისი ცვლილებების განხორციელება 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული.

გეგმის მიხედვით, კანონმდებლობაში „სასკოლო ზონის“ ცნება განისაზღვრება და ამ ტერიტორიებზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მაქსიმალურ სიჩქარედ 30 კმ/სთ დადგინდება.

ამასთან, გადაიხედება მოქმედი 15 კმ/სთ-იანი სიჩქარის გადაჭარბების ტოლერანტობის საკითხიც, რაც იმას ნიშნავს, რომ სასკოლო ზონებში მძღოლებისთვის არსებული დაშვება შესაძლოა აღარ გავრცელდეს.

სტრატეგიის ავტორების შეფასებით, ცვლილებების მიზანი სასკოლო ზონებში ავტომობილების გადაადგილების საშუალო სიჩქარის შემცირება და არასრულწლოვანთა უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

სასკოლო ზონის სტატუსის განსაზღვრამდე კი ყველა მოქმედი საჯარო სკოლის მიმდებარე ინფრასტრუქტურა შეფასდება. შემოწმდება მისი შესაბამისობა საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან.

გეგმა ასევე ითვალისწინებს სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ქვეითთა უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებითი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებას.