OpenAI-ი Samsung Electronics-თან თანამშრომლობას აღრმავებს, რადგან ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია ავითარებს საკუთარ ჩიპებს და აფართოებს კავშირებს სამხრეთკორეულ ტექნოლოგიურ კომპანიასთან ნახევარგამტარებისა და კორპორაციული ხელოვნური ინტელექტის სერვისების სფეროში.
„იმ მიმართულებებს შორის, სადაც ყველაზე მეტ პროგრესს მივაღწიეთ და ყველაზე მეტი აღიარება მოვიპოვეთ Samsung Electronics-თან, ჩვენ მიერ შემუშავებული შემდეგი თაობის ჩიპების ერთობლივი წარმოება და კვლევაა”, – განაცხადა ჰარისონ კიმმა, OpenAI-ის კორეის განყოფილების გენერალურმა მენეჯერმა, ოთხშაბათს სეულში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კიმმა ასევე აღნიშნა, რომ Samsung Electronics-ი ChatGPT-ის ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია მსოფლიოში და თქვა, რომ კომპანიის თანამშრომლები სამხრეთ კორეასა და მის ფარგლებს გარეთ ChatGPT-ს კვლევისა და განვითარების, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროებში აქტიურად იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ ივნისში OpenAI-მა ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი, სპეციალიზებული პირველი ჩიპი წარადგინა. OpenAI-ის ინჟინრებმა ჩიპი, სახელად Jalapeno, Broadcom-თან ერთად შექმნეს ისეთი ამოცანისთვის, როგორიცაა AI-ის ინფერენცია ანუ მონაცემების დამუშავების პროცესი აპლიკაციებში, მაგალითად, ChatGPT-ში, მოთხოვნებზე პასუხების გასაცემად. მაშინ OpenAI-მა განაცხადა, რომ ჩიპებს ტაივანური TSMC დაამზადებდა.
გასულ წელს კი Samsung Electronics-მა და SK Hynix-მა ხელი მოაწერეს ინტერესის წერილებს OpenAI-ის Stargate–მონაცემთა ცენტრის პროექტისთვის მეხსიერების ჩიპების მიწოდებაზე.
კომპანიებს შორის თანამშრომლობა იმ ფონზე ხორციელდება, როდესაც Samsung-ი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აფართოებს. კომპანიამ ივნისში განაცხადა, რომ Device eXperience-დივიზიის თანამშრომლებს, რომლებიც მობილურ ტელეფონებს, ტელევიზორებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას აკონტროლებენ, ნება მიეცათ, შიდა სამუშაოებში ChatGPT, Google-ის Gemini და Anthropic-ის Claude-ი გამოიყენონ.
OpenAI-მა განაცხადა, რომ ChatGPT Enterprise-ის მომხმარებელთა რაოდენობა სამხრეთკორეულ კომპანიებსა და ინსტიტუტებში აგვისტოს ბოლოსთვის წინა წელთან შედარებით დაახლოებით 28-ჯერ გაიზარდა, რადგან ბიზნესებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ინდივიდუალური ამოცანებიდან კომპანიის მასშტაბის ოპერაციებზე გადაიტანეს.
საინტერესოა, რომ, OpenAI-ის მონაცემებით, გასული წლის ბოლოსთვის აშშ-ის საზღვრებს გარეთ, ChatGPT-ის ყველაზე მეტი აბონენტი სამხრეთ კორეაში ჰყავდა.