ანალიტიკოსები უახლოეს პერიოდში ნავთობის გაიაფებას არ პროგნოზირებენ. მიუხედავად იმისა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ანგოლას შემდეგ, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC+) დატოვებას უკვე ვენესუელაც განიხილავს, ეს ბაზარზე მოკლევადიან პერიოდში, შავი ოქროს გაიაფების მოლოდინს არ აჩენს.

„იმისათვის, რომ ვენესუელამ საგრძნობლად გაზარდოს ბაზარზე ნავთობის მიწოდება, რამაც რეალურად შეიძლება, რომ ნავთობი გააიაფოს, საჭიროა სერიოზული ინფრასტრუქტურული განვითარება, რაც შესაბამის ინვესტიციებს მოითხოვს“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „მატიოს“ დამფუძნებელმა, რატი მესხიშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოკლე ვადაში, მსოფლიოში ბუნებრივი რესურსებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო - ვენესუელა ნავთობის წარმოების მკვეთრ ზრდას და შესაბამისად, ბაზრისთვის მიწოდებას შეძლებს.

ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვენესუელა საშუალო და გრძელ ვადაში ბუფერს შექმნის ფასისთვის, რომ ჩამოვიდეს ნავთობის ღირებულება დაბლა. თუმცა, მოკლე ვადაში დიდად არაფერს არ შეცვლის. შესაბამისად, მისი OPEC-იდან გასვლა, მსოფლიოში ნავთობის წარმოებას უცებ ვერ გაზრდის, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამას დამატებითი ინფრასტრუქტურული განვითარება და ინვესტიციები სჭირდება“, - განმარტა „მატიოს“ დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, მოკლე ვადაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ირან-ამერიკის პოლიტიკური ურთიერთობის დალაგება, რადგან ეს პირდაპირ ეხება ჰორმუზის სრუტეს, რომელიც მსოფლიოში წარმოებული ნავთობის 20%-ის გამტარია.

შეგახსენებთ, წლის დასაწყისიდან ამ დრომდე, ნავთობი თითქმის 60%-ით არის გაძვირებული, რაც სწორედ ჰორმუზის სრუტის შეფერხებით არის გამოწვეული. ამჟამად, ბარელი Brent-ის ღირებულება 95 დოლარს აჭარბებს.

bp.ge