მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატებზე მუშაობა განახლდა.
ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly ავრცელებს ინფორმაციას, რომ ექსპერიმენტულმა პრეპარატმა Donanemab-მა შეანელა კოგნიტიური და ფუნქციური დაქვეითება ალცჰაიმერის ადრეული ეტაპის მქონე პაციენტებში, რაც დიდი იმედია, რადგან დღეს ამ დაავადების სამკურნალო ეფექტუერი მედიკამენტი არ არსებობს. კომპანიის განცხადებით, აშშ-ის მარეგულირებლებს მონაცემებს ივნისის ბოლომდე გაუგზავნის და იმედი აქვს, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში, ავტორიზაციასაც მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაჩქარებული წესით დაამტკიცა ალცჰაიმერის ასეთივე პრეპარატი, სახელად Leqembi, რომელიც კომპანია Biogen-მა და Eisai-მ შექმნეს. ეს პრეპარატი ზომიერად ანელებს ალცჰაიმერის პროგრესს ადამიანებში, რომლებსაც დაავადების ადრეული ეტაპი აქვთ.
ალცჰაიმერის დიაგნოზი დაახლოებით 6,5 მილიონ ამერიკელს აქვს და ამჟამად არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ადამიანს მისგან ბოლომდე განკურნავს.
Eli Lilly-მ ცდებში ძირითადად შეისწავლა, რა გავლენა მოახდინა მისმა პრეპარატმა პაციენტების მიერ ყოველდღიური ამოცანების შესრულებაზე, მაგალითად, მანქანის მართვასა და სადილის მომზადებაზე, როგორც ამას ალცჰაიმერის დაავადების რეიტინგის სკალა (iADRS) ზომავს. ბოლო ფაზის კვლევაში 1182 ადამიანი მონაწილეობდა და აღმოჩნდა, რომ 18 თვის განმავლობაში, დაავადების მაჩვენებელი 35 პროცენტით შემცირდა.