გაერო-ს ინფორმაციით, 2024 წელს მიგრაციის მარშრუტებზე, მსოფლიოს მასშტაბით, სულ მცირე 8 938 ადამიანი დაიღუპა. გაერო ხაზს უსვამს, რომ რეალური მაჩვენებელი, „სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია“, რადგან სიკვდილის ბევრი შემთხვევა დოკუმენტირებული არ არის.

„მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაღუპული მიგრანტების მზარდი რაოდენობა საგანგაშო და მიუღებელია. ასეთი ტრაგედიების თავიდან აცილება შესაძლებელია“, - აცხადებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) გენერალური დირექტორის მოადგილე, უგოჩი დენიელსი.

სიკვდილიანობა მრავალ რეგიონში იზრდება

გაერო-ს ამ სააგენტოს მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, 2024 წელს მიგრაციის მარშრუტებზე, მსოფლიოს მასშტაბით, სულ მცირე, 8 938 ადამიანი დაიღუპა, რაც „მიგრანტთა მარშრუტებზე სიკვდილიანობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“. ეს იყო ზედიზედ მეხუთე წელი, როდესაც IOM-მა გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა დააფიქსირა. „მსოფლიოს მრავალ რეგიონში გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა გვიჩვენებს, თუ რატომ არის საჭირო საერთაშორისო და კომპლექსური რეაგირება, რათა შემდგომში თავიდან ავიცილოთ ადამიანთა ტრაგიკული გარდაცვალება“, - ამბობს უგოჩი დენიელსი.

IOM-ის მონაცემებით, მიგრაციის მარშრუტებზე ადამიანების დაღუპვის თვალსაზრისით, „2024 წელი ყველაზე ტრაგიკული წელი იყო მსოფლიოს უმეტეს რეგიონში: მათ შორის აზიაში (დაფიქსირდა 2 778 გარდაცვალება), აფრიკასა (2 242) და ევროპაში (233)“.

IOM-ის ცნობით, 2024 წელს ხმელთაშუა ზღვაში დაფიქსირებული გარდაცვალების 2 452 შემთხვევა მართალია რეკორდული არ არის, მაგრამ ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ „სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მიგრანტთა ძებნისა და გადარჩენის ადეკვატური სისტემების, ასევე მიგრაციის უსაფრთხო მარშრუტების საჭიროებაზე მიუთითებს“.

IOM ასევე განმარტავს, რომ ამერიკის რეგიონის საბოლოო მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა, არსებული მონაცემებით, გარდაცვალების, სულ მცირე, 1 233 შემთხვევა დასტურდება.

წყარო: 1 არხი