20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალი ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალე სივრცე, სადაც სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-გაყიდვაც, რომელშიც 150-მდე მეწარმის ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტები იქნება წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი იფუნქციონირებს, რომლებიც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებენ. „ზაფხულის ფესტივალის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.
„ზაფხულის ფესტივალის“ სცენა ორივე დღეს 17:00 საათიდან ადგილობრივ და მოწვეულ ბენდებს დაეთმობა. მათ შორის იქნება: ბენდი „ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“, „MIX2RA”, თიკა ბალანჩინი და „New One”, „ემოცია“, 4 up, „ლათინო ორკესტრალი“, SEENთეზი, ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია, ,,La Fiesta”, ,,Why Not” და ,,Ocean Drive”. ფესტივალს დიჯეები DJ Guri de Sal და DJ ბენე დაასრულებენ.