ხელფასები და პროდუქტიულობა სულ უფრო სცილდება ერთმანეთს - ვის რჩება ეკონომიკური ზრდის სარგებელი?

შრომის პროდუქტიულობის ზრდა ტრადიციულად ცხოვრების დონის გაუმჯობესების მთავარ პირობად მიიჩნევა. თუ დასაქმებული ერთ საათში უფრო მეტ საქონელსა და მომსახურებას ქმნის, კომპანიას უფრო მაღალი ხელფასის გადახდის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს. თუმცა განვითარებულ ქვეყნებში პროდუქტიულობასა და ანაზღაურებას შორის ეს კავშირი თანდათან სუსტდება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აშშ-ში პროდუქტიულობა და დასაქმებულთა რეალური ანაზღაურება თითქმის თანაბარი ტემპით იზრდებოდა. დაახლოებით 1970-იანი წლებიდან კი მათი გზები გაიყო: ეკონომიკაში ერთ სამუშაო საათზე შექმნილი პროდუქციის მოცულობა გაცილებით სწრაფად გაიზარდა, ვიდრე საშუალო დასაქმებულის ანაზღაურება. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და იაპონიაშიც.

ამ განსხვავების ნაწილი სტატისტიკური მეთოდებით აიხსნება. ეკონომისტები ხელფასებისა და პროდუქტიულობის რეალური ზრდის გამოსათვლელად ინფლაციის განსხვავებულ მაჩვენებლებს იყენებენ. თუმცა მხოლოდ ეს ფაქტორი მთლიან სურათს ვერ ხსნის.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი შემოსავლების უთანასწორობის ზრდაა. საშუალო ანაზღაურების მაჩვენებელს მაღალშემოსავლიანი თანამშრომლების ხელფასები ზრდის, მაშინ როდესაც ტიპური დასაქმებულის ხელფასი გაცილებით ნელა იმატებს. შედეგად, ეკონომიკური ზრდის სარგებელი მუშაკებს შორისაც არათანაბრად ნაწილდება.

კიდევ ერთი ფაქტორია შრომის წილის შემცირება მთლიან ეკონომიკაში. კომპანიების მიერ შექმნილი შემოსავლის უფრო დიდი ნაწილი კაპიტალის მფლობელებსა და აქციონერებს რჩებათ, ხოლო ხელფასების სახით დასაქმებულებზე განაწილებული წილი მცირდება. ეკონომისტები ამას კომპანიების საბაზრო ძალის გაძლიერებას, კონკურენციის შემცირებასა და დასაქმებულთა მოლაპარაკების შესაძლებლობების შესუსტებას უკავშირებენ.

დიდი და მაღალპროდუქტიული კომპანიები ბაზარზე სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. მათ შეუძლიათ მეტი პროდუქცია ნაკლები მუშახელით შექმნან, თუმცა გაზრდილი შემოსავალი ავტომატურად აღარ გარდაიქმნება უფრო მაღალ ხელფასებად. პროფკავშირების გავლენის შემცირება და დასაქმების უფრო მოქნილი ფორმების გავრცელებაც მუშაკების პოზიციას ასუსტებს.

ამ პროცესს ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა დამატებითი ბიძგი მისცეს. AI კომპანიებს რუტინული სამუშაოების ავტომატიზაციის, ხარჯების შემცირებისა და წარმოების გაზრდის საშუალებას აძლევს. მაგრამ თუ ტექნოლოგია თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერების ნაცვლად მათ ჩანაცვლებას მოხმარდება, პროდუქტიულობისგან მიღებული სარგებლის კიდევ უფრო დიდი ნაწილი კომპანიებისა და კაპიტალის მფლობელების ხელში აღმოჩნდება.

ეკონომისტი ერიკ ბრინიოლფსონი მიიჩნევს, რომ AI სისტემები ისე უნდა შეიქმნას, რომ ადამიანების საქმიანობა გააუმჯობესოს და არა მხოლოდ სამუშაო ძალა ჩაანაცვლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკისა და კომპანიების მოგების ზრდამ შეიძლება დასაქმებულთა კეთილდღეობის შესაბამისი გაუმჯობესება ვეღარ უზრუნველყოს.

პროდუქტიულობის ზრდა გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობისთვის კვლავ აუცილებელია. თუმცა მთავარი საკითხი მხოლოდ ის აღარ არის, რამდენად სწრაფად იზრდება ეკონომიკა — მნიშვნელოვანია, როგორ ნაწილდება ამ ზრდის შედეგად მიღებული შემოსავალი კომპანიებს, აქციონერებსა და დასაქმებულებს შორის.

წყარო Financial Times:
Why wages and productivity look set to diverge further