რუსეთთან აღდგენილი ავიამიმოსვლის შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა ქართული საავიაციო სექტორის დასანქცირება და რას ნიშნავს სანქციების უკრაინულ საიტზე ქართული ავიაკომპანიის გამოჩენა.

როგორც ავიაციის საკითხებში ექსპერტმა იასე ზაუტაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, კონკრეტულ საიტზე ქართული ავიაკომპანია არა დასანქციერებულთა, არამედ მოსალოდნელი სანქციების კატეგორიაშია, ამიტომ ამ თემაზე წინასწარ დეტალური საუბრისგან თავს შეიკავა. თუმცა როგორც იასე ზაუტაშვილი ამბობს, სანქციების რისკი რომ არსებობს, ამას მოწმობს ის ნაბიჯები და განცხადებები, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან იქნა გადადგმული. ექსპერტი მათ შორის ასახელებს სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებებსა და ევროპელი ელჩების დემარშს.

„ევროპელი ელჩების დემარში იყო ბოლო გაფრთხილება ჩვენი მთავრობის მიმართ, რომ თუ თქვენ არ შეწყვეტთ ამ მიმართულებით მგზავრების და ტვირთების ტარებას, ჩვენ მივმართავთ შესაბამის ზომებს და ამ ზომებში იგულისხმება ავიაკომპანიების სანქცირება და მათ შორის აეროპორტებისაც. ყველაზე მთავარი რაცაა, ესაა იკაოს ე.წ შავ სიაში ჩვენი საავიაციო დეპარტამენტის მოხვედრა,“- განაცხადა იასე ზაუტაშვილმა.