"ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენით და შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ". – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ისაუბრა.  მილერს რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენასა და ამაზე აშშ-ის რეაგირებაზე დაუსვეს კითხვა.

მილერი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ გაზარდოს ურთიერთობები რუსეთთან მაშინ, როდესაც მისგან მთელი დასავლური სამყარო დისტანცირდა.

"ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ აუკრძალა რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცეში შესვლა.  ჩვენ, მთელი დასავლური საზოგადოება ვდისტანცირდით ამ რეჟიმისგან და ახლა არ არის რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო". – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.