საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის ელჩები ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარშს გადასცემენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, რომელიც ამავდროულად არის ვიცე-პრემიერიც. ინფორმაცია მედიასაშუალებებს ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურმა მიაწოდა.

დემარშის გადასაცემად ელჩები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში 17:00 საათზე მივლენ.

ეს არ იქნება ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის დემარშის გადაცემის პირველი შემთხვევა. ასე მოხდა 2023 წლის თებერვალშიც, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 16 მაისს მისცა. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველი რეისის შესრულებასაც აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

პირდაპირი ფრენების აღდგენა ქვეყნისთვის საზიანო ჰგონია საქართველოს პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციონერ პარტიებს, თუმცა არა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

radiotavisupleba.ge