„რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ განსხვავებული შეხედულება გვქონდა“ - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძის წინამორბედმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - უნდა დანგრეულიყო თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფო? მისი თქმით, ახლა ვითარება შეიცვალა და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ განსხვავებული შეხედულება გვქონდა, მათ შორის მეც. ახლა ვითარება შეიცვალა და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა... მე სხვა პიროვნება ვარ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ისიც თქვა, რომ პარტიაში არანაირი დაპირისპირება არ არის, ახალი პრემიერის პრეროგატივაა მინისტრების მოხსნა და დანიშვნა.
„პრემიერ-მინისტრი როცა ვიყავი, მაშინ, თუ არ ვცდები, ექვსი მინისტრი შევცვალე. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. ირაკლი კობახიძეს, შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც, შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, ან პირიქით, მინისტრს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება. მე როგორც ვიცი, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება და ასევე, პრემიერს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება, ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა დამშვიდობება. არავითარი დაპირისპირება არ არის“, - განაცხადა ექსპრემიერმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისთვის.
„მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო ზურაბ აზარაშვილს. მან ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის. რამდენიმეს ჩამოგითვლით. მაგალითად, იცით, რომ სამი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა და განვახორციელეთ მოგვიანებით წამლების გაიაფების რეფორმა, თურქეთის ბაზარი იქნება თუ რეფერენტული ფასების დაწესება. ეს წარმოუდგენელი იყო მანამდე. მოვედით, გავაკეთეთ. შედეგად, 400 მლნ ლარზე მეტი დაეზოგება ჩვენს მოსახლეობას. 400 მლნ ლარით იძარცვებოდა ჩვენი ხალხი ფარმამაფიის და ფარმაკრიმინალების მიერ. ამას გარდა, იცით, რომ თავად ზურაბ აზარაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით გამოვლენილი იქნა ფარმადანაშაულებები, კარტერული შეთანხმებები. ამის შედეგად ეს მსხვილი კომპანიები დაჯარიმდა 53 მლნ ლარით. იგივე DRG-ის სისტემა. 30 წლის განმავლობაში რომ არ განხორციელებულა, ისეთი მძიმე რეფორმები განახორციელა მან და დაიწყო. რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ გვქონდა განსხვავებული შეხედულება, მეც. მათ შორის. ახლა შეიცვალა ეს ვითარება და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა. ნორმალურია. მე სხვა პიროვნება ვარ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, გახდა ცნობილი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკა უნდა აშენებულიყო, საავადმყოფოში კი კადრების რეორგანიზაცია დაიწყო.