საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, პუტინის გადაწყვეტილება უკვე მესამე დღეა პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად რჩება - მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვა „სანქცია“ ახსენეს.

როგორც უწყების პრესსპიკერის მოადგილემ განმარტა, ქართული კომპანიები სანქცირების რისკის ქვეშ დადგებიან, იმ შემთხვევაში, თუ მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებზეც ვრცელდება რეგულაციები.

ოპოზიციამ ეს ერთგვარ გამაფრთხილებელ სიგნალად აღიქვა, ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ მაქსიმალურად სიფრთხილით მოეკიდოს საკითხს და არ დაუშვას საერთაშორისო სანქციების დარღვევა. "ქართულ ოცნებაში" იმეორებენ, რომ ეს არის რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება. აქვე დარწმუნებულები არიან, რომ დაცული იქნება როგორც საერთაშორისო რეგულაციები, ისე უსაფრთხოების წესები

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ფრენები ისეთმა კომპანიებმა უნდა განახორციელონ, რომლებიც არ არიან დასანქცირებულები.

„თუ ფრენები აღდგება, ყველა ვარიანტში უნდა აღდგეს არასანქცირებული კომპანიების მონაწილეობით. დაუშვებელია დასანქცირებულ კომპანიებმა საქართველოში იფრინონ, ანუ უნდა გვესმოდეს, რომ თუ სანქცირებული კომპანიები იფრენენ საქართველოში, ეს ავტომატურად ჩვენზე სანქციების გავრცელებას გამოიწვევს. პუტინის გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყნისთვის ძალიან დიდ საფრთხის შემცველია. ეს საფრთხე ძალიან კონკრეტული იმ კუთხით შეიძლება გახდეს, რომ მოხდეს კონკრეტული კომპანიების, მაშ შორის, საქართველოში მომსახურე კომპანიების დასანქცირება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დარტყმა იქნება", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

rustavi2.ge