საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ქვეყნისთვის ომი თავიდან აეცილებინა.
მისივე თქმით, ქვეყანას სამარცხვინო, მტრული ძალა მართავდა.
„პასუხისმგებლობა იყო და არის ხელისუფლების, ნებისმიერი ხელისუფლების, ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ქვეყანს მოევლინოს, არის ომი. ომის პარტიამ და მოღალატეთა პარტიამ, არ მოვერიდები ამის თქმას, რადგან ძალიან ბევრი რამ ვიცი, რაც თქვენ არ იცით და ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სამწუხაროდ, ვუფრთხილდები რა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თავს ვიკავებ ამ ინფორმაციების გაჟღერებისგან, ისევ და ისევ და ერთადერთი მიზნის გამო, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ბუნებრივია, ეს უბედურება, ეს ტრაგედია, ეს ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს. წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. შედეგად რა მივიღეთ, 20 პროცენტი არის დღეს ოკუპირებული, რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, ბოლო კონტიგენტი გავიდა ქვეყნიდან 2007 წელს, ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო, თუ არა სამარცხვინო, მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას. როცა რამდენიმე თვის შემდეგ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით და აღარ მინდა, საუბარი გავაგრძელო. ჩვენმა გმირმა სამხედროებმა, ყველა სამხედრომ, მაშინდელი სამხედრო მმართველობა ვინც იყო, მე არ ვგულისხმობ გენშტაბის მეთაურს, იგი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მასზე არ ვსაუბრობ, მაგრამ სამხედრო მმართველობა, გმირი ოფიცრები, მათ იბრძოლეს თავდადებით, აჩვენეს გმირობის მაგალითი. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომის დაწყების მომენტიდან, პირველივე წუთიდან ჩაიდინა საშინელი ღალატი, საშინელი დეზორგანიზება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, აგვისტოს ომი იყო უმძიმესი განსაცდელი, რომელმაც 400-ზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, 2000-ზე მეტი კი დაიჭრა.
„150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი იქნა ოკუპირებული, დამატებით დავკარგეთ ამდენი სოფელი, კოდორის ხეობა. ამ ომმა მოიტანა უკანონო ოკუპაცია და ასევე ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, ე.წ. აღიარება, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მინდა, დღეს აღვნიშნო, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. ვიცი, რა ეს ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და მომავალ თაობას. მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გახსოვთ, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული, ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა. მთელმა საზოგადოებამ ნახა და არამხოლოდ ჩვენ, მთელმა მსოფლიომ, საუბედუროდ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.