აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, სერგეი შამბამ რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტების რუსეთის ფედერაციის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში რეგისტრაციის მოთხოვნებზე ისაუბრა.

შამბა ამბობს, რომ საუბარია “ორმაგი მოქალაქეობის მქონე სტუდენტებზე – აფხაზური და რუსული”. მისი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა ჭიანურდება, რადგან საჭიროა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამატებითი განკარგულება.

საზოგადოებრივი პალატის სხდომაზე, შამბამ ისიც აღნიშნა, რომ მის შვილიშვილსაც მოეთხოვა სამხედრო რეგისტრაციის გავლა.

“უბრალოდ ლოიალურად იქადნოდნენ ცოტა ხნის მანძილზე, თვალს ხუჭავდნენ და არ ითხოვდნენ. ახლა კი ამას ითხოვენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ დაუყოვნებლივ გაიწვევენ ჯარში, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ, თუ ამ დროისთვის კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ არ ამოქმედდება, რუსეთში დარჩენის შემთხვევაში შესაძლოა ჯარში გაიწვიონ,” – განაცხადა შამბამ სხდომაზე.

შამბამ აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, კმაყოფილია, როდესაც “აფხაზი სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ, სამშობლოში ბრუნდებიან”. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ახალგაზრდა პროფესიონალებს აფხაზეთში სამსახურის შოვნა უჭირთ.

2022 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ რუსეთთან გააფორმა შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოსაგვარებლად. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “პირები, რომლებიც არიან ორივე მხარის მოქალაქეები, გადიან სამხედრო სამსახურს იმ მხარეში, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს”.

netgazeti.ge