არ შეიძლება არ დავგმო ის ძალადობა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს. მართლაც საშინელი სანახავია, ძალიან მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა ძირს წაქცეული ადამიანისთვის და ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება, მაგრამ ამავე დროს, ოდნავ ობიექტურობა თუ ვინმე გვინდა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალადობის ინიციატორი არის არა ერთი, ორი, ხუთი ან ათი, არამედ რამდენიმე ასეული დემონსტრანტი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ამასთან, მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის პირად შემადგენლობას, თითოეულ პოლიციელს, რომლებიც მდინარაძის თქმით, დიდი მოთმინებით და პროფესიული საქმიანობის ზედმიწევნით სწორად, პატიოსნად შესრულებით ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას.

“მოცემულ შემთხვევაშიც - გუშინ, გუშინწინ, მძიმე სამუშაოს მიუხედავად, ცდილობენ მოითმინონ ყველა ის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც მათ მიადგებათ ხოლმე დემონსტრანტების მხრიდან და თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ამის პარალელურად, მაინც ზედმიწევნით პირნათლად ასრულებენ.

ასევე, არ შეიძლება არ დავგმო ის ძალადობა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს. მართლაც საშინელი სანახავია, ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ძირს დაცემულ და წაქცეულ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის და რასაც არ უნდა აკეთებდეს ამ ამბამდე და ამ ინციდენტამდე 5 თუ 10 წუთით თუ ერთი საათით ადრე, მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა ძირს წაქცეული ადამიანისთვის და ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება, მაგრამ ამავე დროს, ოდნავ ობიექტურობა თუ ვინმე გვინდა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალადობის ინიციატორი არის არა ერთი, ორი, ხუთი ან ათი, არამედ რამდენიმე ასეული დემონსტრანტი. ისინი იწყებენ ძალადობას ისე, რომ არც ცდილობენ შეფუთონ. მივიდნენ ადამიანები პირდაპირ ძალადობისთვის. სცენაც კი არ მოუწყვიათ, რომ სიტყვით მიემართათ ვინმესთვის, პირდაპირ ძალადობისთვის მივიდნენ. პოლიციელებს სახეში ესროდნენ პიროტექნიკას, სხვადასხვა ფეიერვერკებს, ქვებს, კენჭებით სავსე ბოთლებს. სამშენებლო მასალებს და ა.შ. და ეს იყო წარმოუდგენელი ძალადობა, რომელიც იყო სისტემური ხასიათის და ახორციელებდა რამდენიმე ასეული ადამიანი. განსხვავებით მეორე, ძალიან მძიმე რამდენიმე შემთხვევისგან, როდესაც, ასევე, დასაგმობ და ძალიან ცუდად განვითარებულ მოვლენებთან გვქონდა საქმე. მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე იყო სახეში წიხლის დარტყმის ფაქტი წაქცეულ ადამიანზე. ადამიანმა პრაქტიკულად დააზიანა მისი კოლეგების ინტერესი. რა შეურაცხყოფაც არ უნდა იყოს 5 წუთით ადრე შენი მეგობრის თუ პირადად შენს მიმართ, იქ არის ასობით და ათასობით პოლიციელი, რომელიც საკუთარ საქმეს დიდი მოთმინებით ეკიდება, ერთმა და ორმა ფაქტმა მათი იმიჯი არ უნდა დააზიანოს. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ერთი მხრივ, ასეთ მოქმედებას გამართლება არ აქვს, მეორე მხრივ, ამით ზიანდება ქართული სახელმწიფო, ამით ზიანდება ყველა დანარჩენი პოლიციელის იმიჯი და ამიტომ, ათასობით პოლიციელის იმიჯი ერთმა არასწორმა ქმედებამ ნამდვილად არ უნდა დააზიანოს. ამიტომ, ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ვის მიმართაც არ უნდა იყოს განხორციელებული ის. დავამატებ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ამორალურია, როდესაც ეს არის პოლიციელის, ჟურნალისტის, ოპერატორების თუ სხვა ნებისმიერი ადამიანის მიმართ და ეს არის ხშირ და რიგ შემთხვევებში ძალიან მძიმე სანახავიც კი”, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.  

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმათბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები.  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც.

ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.

სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.