დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, თავდაცვაზე მშპ-ის არა 2%, არამედ 3% დახარჯონ. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

ჟურნალის წყაროს ცნობით, თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით ტრამპს ახალი მიზანი აქვს, რაზეც გავლენა აპრილში პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრამ მოახდინა.

„ტრამპი ფიქრობს ხარჯების 3%-მდე გაზრდას, რაც არ ითვალისწინებს თანხებს უკრაინისთვის,“ – წერს გამოცემა ტრამპთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით.

დღესდღეობით თავდაცვაზე მშპ-ის 3%-ზე მეტს ნატო-ს მხოლოდ სამი ქვეყანა ხარჯავს – აშშ, პოლონეთი და საბერძნეთი.