წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა მოიგო, თუმცა ამ გამარჯვებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიცია და უცხოელო დიპლომატები არჩევნებს აფასებენ, როგორც წყალგამყოფ მომენტს, რომელიც გადაწყვეტს, საქართველო დასავლეთს დაუახლოვდება, თუ რუსეთისკენ დაიხევს.
„დადასტურების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გამარჯვება დარტყმა იქნება იმ ქართველებისთვის, რომლებსაც ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის იმედი აქვთ კენჭისყრით, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანად გამოცხადდა”, - წერს Reuters-ი.
საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს BBC-ც ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ, რომელიც სულ უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება, გამარჯვება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ აშკარად ლიდერობს გადამწყვეტ არჩევნებში, რომელიც ორიენტირებულია ევროპაში ქვეყნის მომავალზე.
BBC-ი წერს, რომ წინასწარი შედეგები მკვეთრად განსხვავდება ეგზიტპოლებისგან და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ "ქართველ ხალხს ხმები მოპარეს“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს დეკემბერში კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, მაგრამ დემოკრატიული უკუსვლის გამო, კერძოდ, რუსული სტილის „უცხოური გავლენის“ კანონის მიღების გამო, ევროკავშირმა ეს ნაბიჯი შეაჩერა.
„სსრკ-მ არსებობა სამ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ შეწყვიტა, მაგრამ მოსკოვი ჯერ კიდევ თვლის ძველი საბჭოთა იმპერიის დიდ ნაწილს თავის უკანა ეზოდ და რუსეთის გავლენის სფეროდ“, - წერს BBC-ი.
არჩევნების სავარაუდო გაყალბებასა და რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანზეა საუბარი ამერიკული გამოცემა Associated Press-ის სტატიაშიც: "საქართველოს ოპოზიცია უარყოფს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნების შედეგებს, რომელსაც საქართველოს ევროპული როლის გადაწყვეტა შეუძლია".
"ბევრი ქართველისთვის ეს არჩევნები გადამწყვეტი რეფერენდუმი იყო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაზე. წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა აქტივობა, 2012 წელს მმართველი პარტიის არჩევის შემდეგ, ყველაზე მაღალი იყო.
თუ "ქართული ოცნების" გამარჯვება დადასტურდება, პარტიას საპარლამენტო უმრავლესობა ექნება, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შიშის საბაბს ქმნის. ქვეყანა უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება, იღებს კანონებს, რომლებიც რუსეთში მოქმედ კანონმდებლობას ჰგავს და სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. წლის დასაწყისში ერთ-ერთი ასეთი კანონის მიღების შემდეგ, ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა", - წერს AP.
„საქართველოს მმართველი პარტია, არჩევნების გაყალბების ბრალდებით, გამარჯვების გზაზეა“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Politico და წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ძალადობისა და დაშინების ბრალდებების ფონზე, როგორც ჩანს, შეინარჩუნებს კონტროლს საქართველოზე“.
შაბათს საღამოს მმართველი პარტიის შტაბ-ბინაში გამართულ მიტინგზე POLITICO-სთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „დიდ გამარჯვებას“ ელოდა.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციური და პრო-სამთავრობო არხების დაკვეთით ჩატარებული ურთიერთგამომრიცხავმა ეგზიტპოლებმა ორივე მხარისთვის გამარჯვება იწინასწარმეტყველა, მმართველმა პარტიამ შტაბში გამარჯვება აღნიშნა.
POLITICO-სთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მოელის, ივანიშვილი „მომდევნო საათებში გააკეთებს განცხადებას ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის შესახებ“.
წყარო: ინტერპრესნიუსი/