თუ ვინმემ თქვა, რომ თეორიულად ეს [სანქციების გვერდის ავლა] შეიძლება იყოს, ამას დასაბუთება სჭირდება - აქამდე რა ბრალდებაც ყოფილა, ყველა იყო აბსურდული და გაქარწყლებული,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ობრაიენის განცხადებას, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“.
მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყურადღებას იჩენს, რათა არ მოხდეს ისეთი ფაქტი, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციას დააზიანებს.
„ბევრი ბრალდება იყო, რომელსაც საფუძველი არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ, არც მომავალში ექნება არცერთ ბრალდებას საფუძველი. მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენთ, რომ არ მოხდეს არცერთი ფაქტი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და დააზიანებს ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებსა და რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
გასაგებია, რომ მეზობელი ქვეყანა ვართ და თუ ვინმემ თქვა, რომ თეორიულად ეს შეიძლება იყოს, ამას დასაბუთება სჭირდება. აქამდე რა ბრალდებაც ყოფილა, ყველა იყო აბსურდული და გაქარწყლებული“,- განაცხადა ბურჭულაძემ.