2025 წლის 8 დეკემბერს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტთან, სალეჰ ალშაიასთან, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს Starbucks-ის საქართველოში შემოსვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ქუვეითში ავრცელებს.
საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება Alshaya ჯგუფის თავმჯდომარემ, მოჰამედ ალშაიამ მიიღო საქართველოს ელჩთან ნ. ლომთათიძესთან 2025 წლის 13 აპრილის შეხვედრაზე, რომელზეც Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტს დაავალა საქართველოში შემსწავლელი ჯგუფის გაგზავნა.
2025 წლის ივნისში, Starbucks-ის ჯგუფმა სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით საქართველოში მოინახულა Starbucks-ის კაფეების გასახსნელად შესაბამისი ლოკაციები, ხოლო 7 ივლისს Alshaya-ს აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში Starbucks-ის შემოსვლაზე, რის შესახებაც პირველად ეცნობა საქართველოს ელჩს.
პრეზიდენტმა, სალეჰ ალშაიამ საქართველოს ელჩთან საუბრისას გამოთქვა კმაყოფილება სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ Starbucks-ის ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიების გამართვა 2026 წლის დასაწყისში იგეგმება.