,,ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში მოსახლეობას 4 წლის განმავლობაში უმუშევრობის 4%-მდე შემცირებას ჰპირდება. მიზნის მისაღწევად პარტია 200 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

,,კომერსანტი’’ დაინტერესდა რამდენად რეალურია უმუშევრობის დონის შემცირება ამ ნიშნულამდე. კითხვით ეკონომისტებს მივმართეთ. სოსო ბერიკაშვილის განცხადებით, 4 %-მდე უმუშევრობის დაწევა, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, უახლოესი 4 წლის განმავლობაში წარმოუდგენელია.

,,ევროპისთვის ეგ ნორმალური მაჩვენებელია, მაგრამ ჩვენთვის არა. შრომით ბაზარზე ბევრი პრობლემა გვაქვს. გარკვეული სექტორები მუშა ხელს ეძებენ და ვერ შოულობენ. მიუხედავად მაგისა 4% ძალიან არარეალისტურია საქართველოსთვის. ჩვენ ვნახეთ ბოლო წლების გამოცდილებით, როგორი ტიპის სამუშაო ადგილები შეიქმნა. სახელმწიფო დაფინანსებით ან ფორმალური სამუშაო ადგილები იქმნება, სადაც ადამიანები რეალურად არც მუშაობენ და იღებენ ხელფასს. ეს კი დასაქმებას გაზრდის და უმუშევრობას შეამცირებს, მაგრამ ვერ ჩავა 4%-მდე და რეალური არ იქნება. ხალხისა და ბიუჯეტის ხარჯზე თუ აპირებენ დასაქმების ზრდას ეგ საერთოდ არ არის კარგი ამბავი. რასაც ეგენი აკეთებდნენ აქამდე და აპირებენ მომავალშიც ნიშნავს ბიუჯეტზე ზეწოლის გაზრდას. მათ დიდი გამოცდილება აქვთ დაპირებების არ შესრულების და შესაბამისად არც ახლა მგონია, რომ რაიმე კონკრეტული დროში გაწერილი გეგმა ჰქონდეთ.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში სოსო ბერიკაშვილი.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არასწორი მეთოდით იანგარიშება დასაქმებული ადამიანების რაოდენობას. მისი თქმით, დასაქმებულად უნდა ჩაითვალონ მხოლოდ ისინი, ვინც თავის შემოსავალს ღია ბაზარზე თავად გამოიმუშავებს. შესაბამისად, საჯარო სექტორში მომუშავე პირები დასაქმებულად არ უნდა მიიჩნეოდნენ.

,,ამბობენ უმუშევრობა შევამცირეთო. მერე კვლევებს ნახავთ და აღმოაჩენთ, რომ ახლანდელი შემცირება არის იმისი დამსახურება, რომ ბევრი ადამიანი საჯარო სექტორშია დასაქმებული. ან არიან დასაქმებული ისეთ კომპანიებში, რომელიც ფულს საჯარო სექტორიდან იღებენ. აქედან გამომდინარე ეს არის ყალბი დასაქმება. რა მნიშვნელობა აქვს შენ ადამიანს პირდაპირ აძლევ სუბსიდიას, თუ სამსახურში ავალდებულებ მისვლას, იქ არაფრის კეთებას და სანაცვლოდ ხელფასს უხდი. უნდა გავერკვიოთ რის ხარჯზე ხდება დასაქმება. როცა დასაქმებაზეა ლაპარაკი მხოლოდ ის ადამიანები უნდა დავთვალოთ, ვინც თვითონ ირჩენს თავის თავს. საჯარო მოხელეებს არ შევიყვანდი დასაქმებულებში, რადგან საჯარო მოხელეები საგადასახადო შემოსავლებით ფინანსდებიან. რამდენიმე წლის წინ სოციალურ დახმარებაზე მყოფ ადამიანებს უთხრეს, რომ მოდით ახლა თქვენ იმუშავეთ და მიიღეთ ხელფასიო. ეს ჩაითვალა დასაქმებად. პირდაპირ მიეცით, რაღაზე აწვალებთ? მნიშვნელოვანია, როცა დასაქმებაზეა ლაპარაკი დავთვალოთ ის ადამიანები, ვინც თვითონ გამოიმუშავებს ღია ბაზარზე თავის შემოსავალს.’’- აცხადებს პაატა შეშელიძე.

,,ქართული ოცნების’’ კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება ეკონომიკისა და ბიუჯეტის ზრდას უკავშირდება. პარტია გვპირდება, რომ ეკონომიკა 130 მლრდ ლარამდე, ქვეყნის ბიუჯეტი კი 50 მლრდ ლარამდე გაიზრდება. აბსურდული დაპირება, ასე აფარებს ,,ქართული ოცნების“ განცხადებას ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.

,,ეკონომიკა ეგრე აბსოლუტურ რიცხვებში არ მუშაობს. 130 მლრდ-მდე გაზრდა არაფერს ნიშნავს საერთოდ, თუ არ ვლაპარაკობთ რეალურ ზრდაზე. ჩვენ თუ ინფლაციას არ გამოვრიცხავთ და რეალური ზრდა რამდენი გვექნება არ შევხედავთ. მაგალითად, პენსიაზე ამბობენ, რომ სამჯერ გავზარდეთო. ხომ ტყუილია? სამჯერ გაიზრდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამ გაზრდილი პენსიით 3 ჯერ მეტს ყიდულობ. ვერ ყიდულობ ხომ? ამიტომ, ეგრე აბსოლუტურ რიცხვებში ეკონომიკაზე საუბარი არ შეიძლება. ბიუჯეტის ნაწილშიც იგივეა. ბიუჯეტი, რომც გაიზარდოს ლარში გამოხატულ რიცხვებში შეიძლება არ ნიშნავდეს არაფერს საერთოდ. მინიმუმ მანიპულაციურია ასეთი დაპირებები. ჯერ ერთი არაფერს არ ეფუძნება. მეორე მხრივ, რომც ეფუძნებოდეს ეგრე არ შეიძლება ლაპარაკი ეკონომიკაზე.’’- აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

,,ქართული ოცნების“ აღნიშნული დაპირების შეფასების დროს ეკონომისტი პაატა შეშელიძე კონკრეტული მექანიზმების დასახელების საჭიროებაზე მიუთითებს. ,,გააჩნია რა მექანიზმს გვთავაზობენ ამისთვის. რის ხარჯზე მოხდება ეს. ეგ დაპირება არ არის შეუძლებელი, თუმცა მექანიზმების ბუნდოვანებაა და მეტი დასაბუთებაა საჭირო.’’- აცხადებს ის ,,კომერსანტთან’’ საუბარში.

„ქართული ოცნება" ამომრჩეველს ასევე ჰპირდება, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ბიზნესისთვის დამატებით, 9 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება მოზიდული. სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს აბსურდი და ტყუილი დაპირებაა.

,,ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს ეგ მართალი, თუ იქნება სანქცირებული, ბინძური რუსული ფული ან ჩინური. ეგ არ არის ის რაც ქვეყნის განვითარებას ემსახურება. ვხედავთ, რომ შეჩერებულია ყველაფერი. არა მარტო ინვესტიციების თვალსაზრისით, არამედ ყველა პროექტი გაჩერებულია. თუ ესენი რჩებიან ხელისუფლებაში, არაფერი აღარ იქნება დასავლეთიდან. ვინც არის ისიც გავა. დაპირება შესრულდება იმის ხარჯზე, რომ რუსული ფული შემოვა ან ჩინური. რაღაცა კონკრეტული ინტერესით შემოვა, რაც არ არის საქართველოს ინტერესთან თანხვედრაში.’’- აცხადებს ეკონომისტი.

პაატა შეშელიძე დაპირების შესრულებას ეჭვით უყურებს. აცხადებს, რომ ბუნდოვანია, რა გზით გეგმავს პარტია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას.

,,აქამდე რატომ არ არიან ინვესტორები? სად წავიდნენ? და როგორ შეიძლება გაჩნდნენ ხვალ, როდესაც ევროპა გადაკიდებული ჰყავთ, ამერიკა გადაკიდებული ჰყავთ. ირანისკენ და რუსეთისკენ არიან. ევროპის კავშირი გეუბნება, რომ სანამ შენ ხარ არ გელაპარაკები, შეიძლება ვიზები გაგიუქმოო, თუ დადასტურდა რაღაც კავშირებია რუსეთთან საბანკო გადარიცხვები შეიძლება შეგიზღუდონ. რატო მოვა ინვესტორი? საიდან მოვა, ირანიდან? დავუშვათ ევროპასთან ყველაფერი მოგვარდა. მაშინ, რის ხარჯზე მოვიზიდავთ ინვესტორებს? მაგალითად, ბუნებრივი წიაღისეულის პრივატიზებით, საგადასახადო შეღავათების შემოღებით. რაღაც კონკრეტული ხომ უნდა ითქვას. თუ კონკრეტული არ არის მაშინ გამოდის, რომ სიტყვის მასალაა. ჩემი აზრით დაპირება უნდა იყოს გამყარებული კონკრეტიკით.’’- აცხადებს პაატა შეშელიძე.