წინასაარჩევნოდ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობას 5 მთავარ დაპირებას აძლევს. მონოპოლიების დასრულება, საბანკო პროცენტების განახევრება, სახელმწიფო ადმინისტრაციულ მომსახურებაზე ფასებისა და არსებული ჯარიმების განახევრება, 1-მილიარდიანი ევროკავშირის სუბსიდია სოფლის მეურნეობასა და 14 მლრდ ევროს მოზიდვა ევროკავშირიდან. დაპირებებს შორის არის ახალი პროექტის დაწყება ქართული ბიზნესისთვის. ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ქართველ ბიზნესმენებს საერთაშორისო კომპანიებთან დაპარტნიორების შემთხვევაში სახელმწიფოსგან განსაკუთრებული მხარდაჭერას ჰპირდება.

პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების შეფასება ჩვენ ეკონომიკის ექსპერტს პაატა შეშელიძეს ვთხოვეთ. ის ,,კომერსანტთან’’ საუბარში ამბობს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მიერ გაჟღერებული დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა ბუნდოვანია, დასაბუთებული არ არის და ბევრ კითხვას აჩენს. ეკონომიკის ექსპერტთან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაპირება ცალ-ცალკე განვიხილეთ.

მონოპოლიების დასრულება ყველა სფეროში

,,სამწუხაროდ არ აზუსტებენ რას გულისხმობენ. მაგალითად, ხშირად ამბობენ, რომ საბანკო მონოპოლიაა. სინამდვილეში საბანკო მონოპოლია კლასიკური გაგებით არ არის. უბრალოდ არსებობს 14 ბანკი, რომლებსაც აქვთ პრივილეგირებული სტატუსი და სინამდვილეში, თუ რამის გაუქმებაზე არის ლაპარაკი ეროვნული ბანკი უნდა გააუქმონ მისი მხარდამჭერი ფუნქციებით, რომ ბანკებს ჰქონდეს საშუალება საბაზრო ორიენტირებულად განვითარდნენ და არა სუბსიდირებით და მხარდაჭერით. ამიტომ ძალიან კარგი იქნებოდა თუ დააზუსტებენ რას გულისხმობენ. კიდევ ერთი მაგალითი, კლასიკური მონოპოლია არის თბილისში ელექტრო ენერგიის განაწილების სისტემა. ასევე მონოპოლია არის მეორე კომპანია, რომელიც დანარჩენ საქართველოს ემსახურება. ამათ დასრულებაზეა ლაპარაკი? თუ რა ხდება? ეს დეტალებია მნიშვნელოვანი. თუმცა, როგორც ამოცანა, რომ მონოპოლიები არ უნდა იყოს და კონკურენცია უნდა იყოს ეს სწორია. კონკრეტულობა აკლია.’’- აცხადებს პაატა შეშელიძე.

საბანკო პროცენტების განახევრება

,,ეს საერთოდ აბსურდია. ეს არ არის პოლიტიკური ხელმძღვანელობის საკითხი. თუმცა, აქ თუ ისინი აზუსტებენ რა მექანიზმით აპირებენ ამას, შეიძლება ლოგიკურად მივიღოთ შედეგი. მაგალითად, მე ვიტყოდი, რომ თუ კი საქართველოში მოხდება ის (პირობითად ვამბობ), რომ ლარი მიბმული იქნება ევროზე (რახან ევროინტეგრაციის საკითხი დგას) შეიძლება მოხდეს ისე, რომ ადამიანს გაუჩნდეს უფრო მეტი ნდობა, მეტი სიმყარე და შესაბამისად გაიზარდოს დანაზოგები, გაიზარდოს მოზიდული რესურსები და შესაბამისად დაეცეს განაკვეთები. დიქტატორულად, მთავრობა ვერ გადაწყვეტს ამდენი იყოს განაკვეთი. თუ ისინი გულისხმობენ მაგალითად, ეროვნული ბანკის მექანიზმებზე ზეგავლენას, მე მაგას არ დავეთანხმებოდი. იმიტომ, რომ ესეც არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი. მე ვფიქრობ, რომ ეგ მექანიზმი საერთოდ უნდა მოიშალოს. მაგრამ თუ ეს იქნება, ეს ეროვნული ბანკის გადასაწყვეტი უნდა იყოს და არა მთავრობის. (რეფინანსირების განაკვეთზეა ლაპარაკი) ისინი მაგ ინიციატივაში თუ რეფინანსირების განაკვეთის დაწევაზე ლაპარაკობენ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი არ უნდა იყოს. ამიტომ მჭირდება მათგან უფრო მეტი ინფორმაციის მოსმენა, თუ რას გულისხმობენ. თუ ჩვენ გვინდა, რომ შევამციროთ საბანკო პროცენტები, ჩვენ გვაქვს 2 ამოცანა გადასაწყვეტი. პირველი არის ლარის სტაბილურობა და მეორე ბაზარი იყოს მაქსიმალურად ღია, რომ ადამიანს ჰქონდეთ რაღაცის შეძენის შესაძლებლობა.’’- აცხადებს პაატა შეშელიძე.

 

სახელმწიფო ადმინისტრაციულ მომსახურებაზე ფასებისა და არსებული ჯარიმების განახევრება

,,აქ არის გასარკვევი ასევე რაზეა ლაპარაკი. მაგალითად, იუსტიციის სახლის მომსახურებას გულისხმობენ? რის მომსახურებას გულისხმობენ? როგორც მესმის, საუბარია იუსტიციის სახლის, რეგისტრაციისა და მსგავს მომსახურებებზე. კონკრეტულად როგორი შეღავათის შემოღებას აპირებენ, ცოტა ვერ ვხვდები. კონკრეტიკა აქაც აკლია. კონკრეტულად რის შემცირებას აპირებენ? ვთქვათ, აპირებენ ელექტროენერგიაზე ფასის შემცირებას, რომელიც ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ სახელმწიფოს მიერ დგინდება. მართალია ირიბად, სააგენტოს მეშვეობით, მაგრამ მაინც. მაშინ უნდა თქვან, რომ ამას ვაპირებთ. მაგრამ აქაც საკითხია, რის ხარჯზე აპირებენ? სუბსიდიების ხარჯზე აპირებენ? კონკურენციის ხარჯზე? მეტი სიცხადეა საჭირო.’’- აცხადებს პაატა შეშელიძე.

1 მილიარდიანი ევროკავშირის სუბსიდიას სოფლის მეურნეობისთვის

,,სუბსიდირების თემა და ზოგადად ევროკავშირის იმედად ცხოვრების დაპირება, ჩემი აზრით არის ალბათ ყველაზე მავნებლური რაც შეიძლება გაკეთდეს. ინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ სხვის ხარჯზე ცხოვრებაზე. ჩვენი ამოცანაა, რომ ვიცხოვროთ მაქსიმალურად დამოუკიდებლად. ვიღაც ფულს მოგვცემს და რაღაცას დავასუბსიდირებთ - ეს არის დაპირება, რომელსაც უბრალოდ არ მივესალმები და მხარს ვერ დავუჭერ ვერავითარ შემთხვევაში. მეტიც, ძალიან მავნებლურია, რადგან წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური აპარატი ხელში იღებს მილიარდს, რომელიც მერე უნდა გახდეს საკუთარი იდეებისა და საკუთარი ლოიალური ჯგუფების შექმნის ფორმა. ეს არასწორი მიდგომაა. მართალია ევროკავშირი არიგებს აქეთ-იქით ასეთი ტიპის სუბსიდიებს, მაგრამ ამ იმედად და ამ დაპირებად არ გვიღირს. იმ გაგებით, რომ ესენი ამას რომ გვპირდებიან, ვხედავ, რომ ეს ადამიანები რაიმე ცვლილებას არ აპირებენ. აპირებენ ყველაფრის შენარჩუნებას და კიდევ გაუარესებას. სინამდვილეში ასეთი შეთავაზება გულისხმობს დამატებით სამუშაოს ან უფლებამოსილებებს ხელისუფლებისთვის. ანუ თავისთვის აკეთებენ სინამდვილეში. მათ ექნებათ ხომ განკარგვის პრივილეგია. თვითონ განკარგავენ ვინ მიიღოს. ამიტომ მათ ექნებათ გავლენა და ბერკეტები. რასაც დღევანდელი მთავრობა აკეთებს იგივე იქნება, ამიტომ ჩემთვის მიუღებელი შემოთავაზებაა. ჩვენ არ გვჭირდება სუბსიდიები. ჩვენ გვჭირდება რეალური განვითარება, მათ შორის სოფლის მეურნეობის. იგივე ეხება 14 მილიარდს, რომელიც ცოტა არ იყოს არასერიოზულია. რატომ უნდა მოგცეს ევროკავშირმა 14 მილიარდი? საიდან მოიტანეს ეს დაპირება, საიდან გაუჩნდათ, რა პერსპექტივიდან თქვეს? მე არ ვიცი.’’- აცხადებს პაატა შეშელიძე.

ქართულ ბიზნესს, რომელიც დაპარტნიორდებსაერთაშორისო კომპანიებთან სახელმწიფოსგან განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება

,,მანდ მეორე საკითხია, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციებს? ესე იგი, საქართველო მხარს დაუჭერს ფინანსურად ბიზნესს, რომელიც უცხოელ ინვესტორს საქართველოში ჩამოიყვანს? ფაქტობრივად, იმ უცხოელ ინვესტორს მისცემს ფულს? ამას გულისხმობს? ანუ ჩვენ დავეხმარებით უცხოელ ბიზნესმენებს, რომ საქართველოში ფული აკეთონ? ამაზეა საუბარი? ანუ ჩვენ ღარიბ მოსახლეობას დავბეგრავთ და ვიღაც ინვესტორს ფულს მივცემთ, რომ ის აქ შემოვიდეს და აქ ფული აკეთოს? ამას ესენიც (ოცნების ხელისუფლება) ხომ აკეთებენ? მე ასე მგონია, რომ მაგათ შორის (ოცნებასა და ნაცებს) დიდი განსხვავება არ არის. ერთნაირად ცდილობენ ხალხის ,,დაბოლებას’’.’’- აცხადებს პაატა შეშელიძე.