როდესაც ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა დავიწყეთ, მოსახლეობაში თავიდან იყო შიში და აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების, ვუგებ მათ იმიტომ, რომ ბევრი პრობლემა ნახეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე მოსახლეობა სამშენებლო კომპანიების გამო ზარალდებოდა და ყველაფრის გარეშე რჩებოდა, თუმცა დღეს პასუხისმგებელი და გარანტი იმისა, რომ პროექტი განხორციელდება არის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, თავად მერი და მისი გუნდი.
„თავიდან, როდესაც პროგრამა დავიწყეთ, სულ სამი პროექტი გვქონდა. იყო სამი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მოსახლეობა 100%-ით დაგვთანხმდა და დავიწყეთ პროექტის განხორციელება. რამდენიმე დღის წინ გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული ბინები გადავეცით ნაწილს.
თავიდან შიშიც იყო და აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების, ვუგებ მათ იმიტომ, რომ იმდენი პრობლემა ნახეს – იყვნენ სამშენებლო კომპანიებით დაზარალებულები, მათ პირდებოდნენ რომ გააკეთებდნენ, ფულს ახდევინებდნენ და შემდეგ ყველაფრის გარეშე რჩებოდნენ.
თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ - მუნიციპალიტეტი ვართ გარანტი, პასუხისმგებლები. მე, კახა კალაძე, ჩემი გუნდი, სრულიად მთავრობა არის პასუხისმგებელი, რომ პროექტი განხორციელდება, დამთავრდება და თქვენ, იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვინც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობთ, არ გექნებათ არანაირი პრობლემა.
დროებით მოგიწევთ ქირით გასვლა, რასაც მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს და დაგიბრუნდებათ ახალი სრულად გარემონტებული საცხოვრებელი კორპუსები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს