ქართველი „პრემიერი“ (ბრჭყალები გვახსენებს, რომ გაყალბებული არჩევნებიდან მოვიდა) ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ემუქრება და წარმოიდგენს მას გისოსებს მიღმა, - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას“, - აცხადებს ფრანგი ევროპარლამენტარი.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირდაპირი მუქარა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიუღებელია და ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მინდა შევახსენო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა არის ევროპის საბჭოს წევრი. პირდაპირი მუქარა, რომელიც მან დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გააკეთა, რომ დააპატიმრებენ, როდესაც 29 დეკემბერს მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, მიუღებელია, ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს“, - წერს თეოდოროს რუსოპულოსი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს აღნიშნული განცხადების უკან გახმობისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, გაიხმოს ეს განცხადება და შეუერთდეს ევროსაბჭოს პრინციპებს, რომელსაც პატივი უნდა სცეს“, - წერს თეოდოროს რუსოპულოსი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება.  როგორც პრემიერმა განმარტა, მას მხოლოდ ერთი კვირაღა დარჩა თანამდებობაზე და ამ 1 კვირის განმავლობაში ვერაფერის გაკეთებას შეძლებს. პრემიერის თქმით, 72 წლის ქალის ციხეში გაშვება, შესაძლოა, არავის მოუნდეს, მაგრამ თუ ის რეზიდენციაში გამაგრდება, ამით გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში.