სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ - მგონია, მას ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე, საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, მას მხოლოდ ერთი კვირაღა დარცა თანამდებობაზე და ამ 1 კვირის განმავლობაში ვერაფერის გაკეთებას შეძლებს.
„1 კვირაც აღარ აქვს დარჩენილი საკუთარ თანამდებობაზე ზურაბიშვილს. ამ 1 კვირის განმავლობაში ვერაფერს გააკეთებს, მართალია ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს, რომ 29 დეკემბრამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ არ მოხდება. Deep state საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. 29-ში მოუწევს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“,- აღნიშნა პრემიერმა და დაამატა, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება, შესაძლოა, არავის მოუნდეს, მაგრამ თუ ის რეზიდენციაში გამაგრდება, ამით გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში.
„თეორიულად წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რაც განვითარდა მელიას დაკავებისას.
წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში. მას ეყოფა გონიერება არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს, რაც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას“,- აღნიშნა პრემიერმა.