უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ევჰენ პერებიინისთან შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს.

როგორც ზაქარაშვილი აღნიშნავს, უკრაინის საგარეო უწყებაში შეხვედრაზე ევჰენ პერებიინისმა მას სთხოვა, 48 საათის განმავლობაში დატოვოს ქვეყანა, რათა მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კონსულტაციები გამართოს.

„გუშინ დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ პერებიინისთან, რომელმაც ამ შეხვედრის მსვლელობისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, რაზეც, ცხადია, დავეთანხმეთ, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა. თუმცა, უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც არაერთხელ გავრცელდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და, შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მათ შორის კომუნიკაციისთვის.

აღინიშნა ასევე, და რაც უკრაინის მხარემ ისედაც კარგად იცის, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის ყველა საერთაშორისო მოედანზე, გაერო-ში, ეუთო-ში, ევროსაბჭოში, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები. აქ ყველგან საქართველო იდგა უკრაინის გვერდით, ისევე როგორც ჰუმანიტარულ ნაწილში. არა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი გამოიგზავნა ინტერვენციის პირველივე დღიდან, ასევე გაკეთდა არაერთი სხვა ჰუმანიტარული პროექტი, მათ შორის 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად.

ჩემ მიერ ასევე აღინიშნა, რომ ეს პროექტები, მიუხედავად ამ ბოლო მოვლენებისა, აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან, როგორც მინისტრმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველო გააგრძელებს უკრაინელი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის დახმარებას“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა. მის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს.

რაც შეეხება იმას, თუ როდის ტოვებს უკრაინის ტერიტორიას ამის შესახებ ელჩმა, „რუსთავი2-ის “ ეთერში ისაუბრა. ზაქარაშვილის განცხადებით, მისთვის მიცემული 48-საათიანი ვადა 6 ივლისს, 12 საათზე იწურება და უკრაინის საზღვრის გადაკვეთას იქამდე შეეცდება.

როგორც ელჩმა აღნიშნა, კიევიდან საზღვრამდე, ავტომობილის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს და უკრაინის დატოვება სირთულესთან არის დაკავშირებული.

„დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.