ვლადიმირ პუტინი გაოგნებულია იმ რეაქციით, რაც საქართველოსთან ფრენების განახლებასა და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას მოჰყვა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პარასკევს საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მონაწილემ მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილების გამო.
„მე ყოველთვის ვცდილობ გავაზიარო ყველაფერი პოზიტიური რაც ხდება, ჩვენს კოლეგებს შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს იყო ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილება და თუნდაც ჩემი წინადადება, გულახდილად რომ ვთქვა, ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო ის რეაქცია, რაც ამას მოჰყვა. მეგონა, რომ ყველა იტყოდა:„ მადლობა, კარგი“. არა, რაღაც გაუგებარი აურზაური მოჰყვა ამ საკითხს. ძალიან უცნაურია, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო. მე, გვერდიდან რომ ვუყურებ, მგონია, რომ საერთოდ გაგიჟდნენ, გაუგებარია ის, რაც იქ ხდება,“ - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, ეს იყო რუსეთის მხრიდან გადადგმული შემხვედრი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე.
„მეჩვენებოდა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ და ჩვენ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით. რაც ხდება ქვეყნის შიგნით ჩვენი საქმე არ არის, ხალხმა თავად გადაწყვიტოს, რა გზით უნდა წავიდეს საქართველომ, როგორ განვითარდეს,“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.